პარიზის, ჟენევისა და ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორი – ვინ იყო პირველი ქართველი მეცნიერი ქალი ევროპაში

ბარბარე ნიკოლოზის ასული ყიფიანი — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, მრავალი ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი და საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრი, ევროპაში მოღვაწე პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი, ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებზე მინიჭებული აქვს ოქროს მედლის პრემიები.

ბარბარე ყიფიანის დამსახურებით, ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ უმაღლესი განათლება ევროპის უნივერსიტეტებში მიიღო. ბარბარე 1908 წლიდან კითხულობდა ლექციებს პარიზის, ბრიუსელის და ჟენევის უნივერსიტეტებში. ის რედაქტორობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის ჟურნალ “Revue Psycholigique“-ს. მისი საინტერესო კვლევების შესახებ იწერებოდა ევროპულ პრესაში. სხვადასხვა ენაზე იბეჭდებოდა ბარბარეს ნაშრომები სტატიების, ბროშურებისა და მონოგრაფიების სახით. გარდა სპეციალური ფსიქოფიზიოლოგიური დისციპლინებისა, ბრიუსელის უნივერსიტეტში მას ქართული სიტყვიერების კურსიც მიჰყავდა; სამეცნიერო მუშაობასთან ერთად, ბარბარე აგროვებდა ევროპაში გაფანტულ ქართული ხელოვნების ნიმუშებს.

1910 წელს, ევროპაში ქართული კულტურისა და მეცნიერების პოპულარიზაციისთვის, ბარბარე ყიფიანმა ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში დაარსდა მსოფლიო ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული სექცია. „ეს პირველი შემთხვევაა როდესაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა დაანახოს ევროპას ქართველთა მიღწევები მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. გთხოვთ დახმარებას წიგნების, ნახატებისა და სხვა ნივთების შემოწირულობით“, – წერდა ბარბარე ყიფიანი თავის მიმართვაში.

ბარბარეს ბაბუა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებლი, დიმიტრი ყიფიანი იყო.

ბარბარე ყიფიანი გარდაიცვალა 1965 წელს, დაკრძალულია ქალაქ ბრიუსელში.

 

წყარო: სფიჩი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები