“ჩაძირული მამაო” – მისტიკური ლეგენდა პაპანწყვილის ტბაზე

სამეგრელოში, ხობის მუნციპალიტეტში თუ მოხვდებით, აუცილებლად უნდა ნახოთ ცენტრიდან 7 კილომეტრში მდებარე, ნაკლებად ცნობილი „პაპანწყვილის“ ტბა, რომელიც ადგილობრივებისა თუ  ვიზიტორებისთვის ზაფხულის ცხელი დღეების სასიამოვნოდ გასატარებლად ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

მომწვანო, გამჭვირვალე ტბა  წიწვოვან ხეებსა და ფიჭვნარშია ჩაძირული.

ადგილობრივების თქმით, ტბის სიღრმე 10 მეტრამდე აღწევს, მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს და წელიწადის ნებისმიერ დროს მისი ტემპერატურა უცვლელია. კიდევ ერთი დეტალი, რომელითაც ტბა ვიზიტორების დაინტერესებას იწვევს, მისტიკური ლეგენდაა – საიდანაც მომდინარეობს ტბის სახელწოდება – „პაპანწყვილი“.

პაპანწყვილი“ მეგრულად „ჩაძირულ მამაოს“ ნიშნავს, ლეგენდა კი ასეთია: იქ, სადაც დღეს ტბაა, ცხოვრობდა ერთი მღვდელი, რომელსაც სახლის ასაშენებლად მუშები ჰყავდა დაქირავებული. მღვდელმა მუშებს სადილად თხის ხორცის ნაცვლად, ძაღლის ხორცი მიართვა ისე, რომ ეს მათ არ იცოდნენ. როდესაც მუშებმა ეს საზარელი ამბავი გაიგეს, სასულიერო პირი დაწყევლეს. იმ საღამოს ძლიერ  იწვიმა, მიწა იძრა და მღვდელი სახლიანად ჩაიტანა. ნასახლარის ადგილას კი ტბა აღმოცენდა, რომელსაც შემდეგ „პაპანწყვილი“ დაერქვა.

როგორც ადგილობრივები „რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ამბობენ, ეს კომუნისტების მიერ შეთხზული ლეგენდაა და სინამდვილესთან არანაირი კავშირში არ აქვს. მათივე თქმით, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ისტორიული წყაროებით ეს ლეგენდა არსად დასტურდება.

ვისაც გიყვართ ბუნებაში დასვენება და გიზიდავთ მისტიკური ამბები, „პაპანწყვილის“ ტბა თქვენთვის ზედგამოჭრილია. ეს ადგილი ნამდვილად იმსახურებს, რომ თქვენს ტურისტულ მარშრუტში საპატიო ადგილი დაიკავოს. იგი თავისი მისტიკურობით  თქვენს აღტაცებას პირველივე დანახვიდან გამოიწვევს.

 

წყარო: რეგიონული კვირა 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები