უარი 500 მეტრზე მაღალ შენობებსა და არაფრით გამორჩეულ არქიტექტურას – ჩინეთი მშენებლობის ახალ ეპოქას იწყებს

რაც უნდა უტოპიურად ჟღერდეს, ჩინეთი –  ქვეყანა,  სადაც მსოფლიოს 10 უმაღლესი ნაგებობის ნახევარი მდებარეობს, აპირებს, მშენებლობისას სიმაღლის საყოველთაო შეზღუდვა დააწესოს. მსგავსი შეზღუდვები სხვადასხვა  ქალაქის ისტორიულ უბნებში წლებია მოქმედებს, ინიციატივა კი ამჯერად მთელ ქვეყანას ეხება. 

500 მეტრზე მაღალი ბოლო შენობა ჩინეთში 2018 წელს აშენდა, იგი 528 მეტრის სიმაღლისაა, ქვეყნის დედაქალაქში მდებარეობს და მსოფლიო ცათამბჯენების რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს. თუმცა, როგორც ჩანს, ქვეყანას აღარ სურს “ბეტონის რბოლაში” მონაწილეობის მიღება, მით უფრო, რომ დისტანცია პირველ ადგილამდე – “დაეწიოს და გაუსწროს ბურჯ ხალიფას” – ზუსტად 196 მეტრია.

ჩინეთი სხვა სტრატეგიას ირჩევს, რომლის მიხედვითაც აქცენტი არა სიმაღლეზე, არამედ არქიტექტურაზე, მასში ასახულ ქვეყნის კულტურასა და თავისებურებაზე და ორიგინალურობაზე გაკეთდება. შეიძლება ითქვას, ცვლილებისათვის საჭირო ნიადაგი ჩინეთის მთავრობამ გაცილებით ადრე მოამზადა, მაგალითად, მაშინ. როცა წლების წინ პეკინის ბიზნესუბანში 180 მეტრზე მაღალი შენობების აგება აკრძალა. ფაქტია, აკრძალვებმა საერთო ტენდენციაზეც იქონია გავლენა და ბოლო 2 წლის განმავლობაში არა მარტო დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 200 მეტრზე მაღალი ახალი შენობების რაოდენობამ 40%-ით იკლო.

ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები. ასევე, ბევრ ხარვეზზე საუბრობენ ექსპერტები და ის პირები, რომლებიც ქალაქგეგმარებას და არქიტექტურულ პროცესებს აკვირდებიან. “შეზღუდვა ძალზე პირობითია, რადგან 499 მეტრის სიმაღლის შენობაც ისეთივე მაღალი და უშნო იქნება, როგორც 501 მეტრი სიმაღლის შენობის”- ამბობს CNN-თან საუბარში ფაი ხანი, ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორი.

ცვლილებებს მრავალი მომხრეც გამოუჩნდა, ბევრი თვლის, რომ ჩინეთი, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მდგრადი და მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, იქნება მაგალითი დანარჩენი მსოფლიოსათვის და მსოფლიო არქიტექტურა ქალაქებს ადამიანურობას დაუმატებს – “მსოფლიოს დღეს არ სურს ვერტიკალურად ცხოვრება. ის, რასაც თანამედროვე არქიტექტურა ეძებს, მიწასთან სიახლოვეა. ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა მშენებლებმა “ტყეები აივანზე გაიშენეს” , თუმცა ეს მეთოდი რელევანტური მხოლოდ საშუალო სიმაღლის შენობებშია და განპირობებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით- უპირველეს ყოვლისა, ნიადაგის გარკვეული მასის ტრანსპორტირება განსაკუთრებით მაღლა, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე უსაფრთხოა. გარდა ამისა, რთულია, შენობებმა გაუძლონ ნიადაგის წონას  და ამავდროულად, იყონ სეიმო და ქარმედეგები. მოგეხსენებათ, ცათამბჯენების უმრავლესობა, მით უფრო სანაპიროზე განლაგებული შენობები, ჰაერის განსაკუთრებულ იზოლაციას საჭიროებენ, რათა ძლიერი შტორმის დროს მდგრადობა შეინარჩუნონ. ალბათ , განსაკუთრებით მაღალ შენობებზე უარის თქმა საუკეთესო, რასაც მსოფლიო არქიტექტურა გადაწყვეტს. ჩვენ უკვე დავუმტკიცეთ ერთმანეთს, რომ შეგვიძლია შენება და შეგვიძლია განსაკუთრებით კარგად შენება. ახლა დროა სასიკეთო გადაწყვეტილებები მივიღოთ – დავიწყოთ ბუნებასთან სიახლოვით” – ამბობენ პოპულარულ ამერიკულ მედიასთან საუბარში ინიციატივის მომხრეები.

”არის პოლიტიკა და დოკუმენტები, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რა არ უნდა გააკეთოთ… მაგრამ მათ არასდროს უთქვამთ ის, რაც უნდა გააკეთოთ” – ამ დებულების წინააღმდეგ ჩინეთის მთვარობას მყარი არგუმენტი აქვს – ისინი არა მარტო აკრძალავენ ცათამბჯენების მშენებლობას, არამედ გარკვეული მიმართულებითაც წაიყვანენ ქალაქის გეგმარებას. “ქალაქის არქიტექტორი”  – სავარაუდოდ, ასე ერქმევა ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც კონკრეტული ქალაქის განვითარების კრეატიულ გეგმას შეადგენს, შეუნარჩუნებს თვითმყოფადობასა და კულტურული მემკვიდრეობით განპირობებულ იერს.

საინტერესოა, იქცევა თუ არა რეალობად ჩინური რეგულაცია და რამდენად აიტაცებს ინიციატივას დანარჩენი მსოფლიო. თუმცა, დადებითი ტენდენცია მაინც აშკარა და ცალსახად მისასალმებელია.

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები