ბრიტანეთის კოლუმბიის ქართულმა სათვისტომომ ვანკუვერში კულტურული ღონისძიება გამართა

ვანკუვერის ცენტრში, ბრიტანეთის კოლუმბიის ქართულმა სათვისტომომ  „ქართული საღამო“ გამართა. ღონისძიება 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალისთვის თანხის შეგროვებას ისახავდა მიზნად.

სათვისტომო გეგმავს ეს მემორიალი ვანკუვერის ერთ – ერთ პარკში განათავსოს. სათვისტომოს ღონისძიებისთვის შენობა გამოუყო ვანკუვერის მკვიდრმა როი პასკალმა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში პოპულარიზაციას უწევს ქართულ ღვინოს. ამ მიზნით მან ქართული ქვევრებიც შეიძინა და ჩაიტანა ვანკუვერში.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ვანკუვერელი ქართველების მიერ ქვევრში დაყენებული ევროპული ღვინის დეგუსტაცია. სათვისტომომ მოწვეულ სტუმრებს ღვინის ფართო ასორტიმენტი შესთავაზა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სათვისტომოს წევრების მიერ მომზადებული ქართული კერძებიც დაეგემოვნებინათ. გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ისტორიას, მეღვინეობის ტრადიციებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სპორტულ ცხოვრებას მიეძღვნა.

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ღონისძიების ინიციატორმა და ორგანიზატორმა, სათვისტომოს თავმჯდომარემ ბესო გოცაძემ, რომელმაც წარადგინა სათვისტომოს მიერ დამზადებული, ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი სპეციალური მედალი, რომელსაც სათვისტომო ნოდარის ოჯახს გადასცემს.

საღამოს ფარგლებში ქართული ხალხური სიმღერებსა და კლასიკური მუსიკის კონცერტიც გაიმართა. ბრიტანეთის კოლუმბიის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით სირაძის მეუღლემ, ვანკუვერის საოპერო ორკესტრის მუსიკოსმა, ანდრეა სირაძემ ქართველი და კანადელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ტორონტოდან ჩამოვიდა ქართველი მუსიკოსი შალვა (ბაჩი) მახარაშვილი თავის ვაჟიშვილებთან ერთად. ამერიკელმა მუსიკოსმა იზუმი ფეირბენკსმა ქართულ ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაუკრა. გაიმართა ქართველი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო აუქციონი, რომელსაც „ქართული საღამოს“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და მასპინძელი დიანა იმნაძე უძღვებოდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ვანკუვერში მოღვაწე ქართველი დიზაინერების კახა ბერისა და მარიტა მამუჩაშვილის ქართული ტრადიციული ელემენტებით გაფორმებულ ტანსაცმელს. ელჩმა სტუმრებს საჩუქარად გადასცა ბრიტანეთის კოლუმბიის დედაქალაქ ვიქტორიაში არსებული ბოტანიკური ბაღის – „აფხაზის ბაღის“ დამაარსებლის ნიკო აფხაზისადმი მიძღვნილი ბროშურა, რომელიც საქართველოს საელჩომ კანადაში გამოსცა. ქართველებთან ერთად, ღონისძიებას ბევრი კანადელი სტუმარი დაესწრო. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კულტურული საღამო იყო ვანკუვერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები