როგორ ერთობიან თბილისის ზოოპარკის ბინადრები ნაჩუქარი ჩიჩილაკებით 

თბილისის ზოოპარკმა საახალწლო დღეების დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მოსახლეობას სთხოვა, უკვე უფუნქციო ჩიჩილაკები ნაგავში გადაგდების ნაცვლად მათთან მიეტანათ. როგორც ზოოპარკში ამბობდნენ, ჩიჩილაკები ცხოველების გასახალისებლად და მათთვის დამატებითი აქტივობების შესათავაზებლად გამოსადეგი ბუნებრივი მასალა იყო. დღეს კი საზოგადოებას ერთგვარი “ანგარიში” წარადგინეს იმისა, თუ როგორ გამოიყენეს მათ მიერ ნაჩუქარი ჩიჩილაკები. 

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.“ცოტა ხნის წინ ჩიჩილაკების მოტანა რომ გთხოვეთ, ხომ გახსოვთ? ალბათ ისიც გაინტერესებთ, როგორ გამოვიყენეთ. ხომ შეიძლება ვინმეს ეგონოს, დაეზარებოდათ და ნაგავში გადაუძახებდნენო. ან იქნებ იფიქრეს, კოცონი დააგიზგიზეს და ფერდები გაითბესო? – არა, ბატონო. ცხოველების კეთილდღეობას მოვახმარეთ პატიოსნად.

ზოოპარკის ბინადრებისთვის მეტად მნიშვნელოვანია სხვადასხვა გასართობის, თავსატეხის, რაიმე სიახლის შეთავაზება. თანაც პერმანენტულად. ამ აქტივობებს „ენრიჩმენტს“, ანუ გარემოს გამდიდრებას ეძახიან. თანამედროვე ზოოპარკებში ეს ისეთივე რუტინული საქმეა, როგორც ცხოველის კვება, წყლის გამოცვლა და ვოლიერის დალაგება. ხშირად დამთვალიერებლები ხეზე მოკონწიალე ხორცს, ან ბოსტნეულს რომ დაინახავენ, კოპებშეყრილნი გვსაყვედურობენ, ცხოველებს რატომ აწვალებთ, არ შეიძლება პირდაპირ აჭამოთო? ცივილურადოადამიანურადო. არა, ბატონო. არ შეიძლება. გარეული ცხოველებისთვის საკვების ლანგრით მირთმევა სულაც არაა სასარგებლო. პირიქით. გარემოს გასამდიდრებელი ღონისძიებებიც სწორედ იმას ემსახურება, რომ ცხოველმა ბუნებრივი ქცევები გამოავლინოს – ეძებოს და მოიპოვოს საკვები, ისწავლოს ხეზე ცოცვა, აიშენოს ბუნაგი, ან ბუდე და ა.შ.

როგორ დავასაქმეთ თქვენი საჩუქრები? ჯერ აფრიკელი მეგობრები გავახარეთ – ფაფრიანი ცხვრები, მარტორქა, მაკაკები… თუმცა, რა იციან აფრიკელებმა გურული ჩიჩილაკების ფასი?! მშვენივრად გაერთნენ, მაგრამ აი, ჩვენებურმა დათვებმა რომ მოილხინეს, სულ სხვაგვარი მოლხენა იყო. ვერ გეტყვით, რომ ცას სწვდებოდა მათი კრიმანჭული და ხასანბეგურა, მაგრამ ზრიალი კი გაუდიოდა მიწას. მოვუკაზმეთ გაფუებული ჩიჩილაკები ლოყაწითელი ვაშლებით, სტაფილოებითა და ბუთქუნა სკუმბრიებით და შევუბრძანეთ დიდი ზარ-ზეიმით. ზოგმა ხილ-თევზეული ჩამოგლიჯა, ზოგმა გაბრდღვნა და თავზე დაიყარა, ზოგმა გაფანტა და შიგ იკოტრიალა, ზოგმაც ბუნაგში გააქანა და სავარაუდოდ, თავქვეშ ამოიდო, ქე რომ ჩვენ ბუმბულის ბალიშს ამოვიდებდით, ისე” – წერს ზოოპარკის ადმიონისტრაცია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები