საქართველო თურქეთის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
30 იანვარს სტამბოლში თურქეთის უმსხვილესი ტურისტული გამოფენა, „EMITT“ (24th East Mediterranean International Tourism & Travel Exhibition) გაიხსნა. გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად, მონაწილეობას იღებენ ქართული კომპანიები.
საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს როგორც თურქეთის, ასევე სხვა ქვეყნების ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და საქართველოში უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას. ამასთან, აღნიშნულ გამოფენაში ტურიზმის სფეროში დასაქმებული ქართული კომპანიების მონაწილეობა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რათა დამყარდეს საქმიანი ურთიერთობები სხვა ქვეყნების ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან.
სტამბოლის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “EMITT” მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული გამოფენაა, რომელსაც ტურიზმის სფეროში დასაქმებული 60 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. გამოფენაზე მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი.