ახალი ამბები დიასპორები

საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართა:

“ძვირფასო თანამემამულეებო!

გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ წელს! განსაკუთრებით, მსურს, ჩემი გულწრფელი მადლიერება და სითბო გადმოგცეთ თქვენ – საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომელთა დიდი ნაწილი დღესასწაულს სამშობლოსგან და ოჯახებისგან შორს აღნიშნავს! ვიცი, რომ ამ დროს, განსაკუთრებით მძაფრია მონატრება და სურვილი დაუბრუნდე შენს მშობლიურ კერას!

მადლობას გიხდით იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ თქვენი ოჯახების, არამედ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლისთვის!

გისურვებთ დღეგრძელობას და წარმატებას, რადგან თქვენი წინსვლა და კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი სამშობლოს განვითარების და მისი უკეთესი მომავლისთვის!

საქართველოს ხელისუფლებას, მის აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოს, გაცნობიერებული აქვს ქართული დიასპორის სიძლიერის და სახელმწიფოს მხრიდან მისი თანადგომისა და დახმარების მნიშვნელობა.

2019 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვის, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლებისა და ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერისა და ასევე, უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარების მიმართულებით.

საზღვარგარეთ ჩემი ყველა ვიზიტის დროს ვცდილობ განსაკუთრებული დრო დავუთმო თქვენთან შეხვედრებს. შესაძლოა ბევრი რამ ჩვენს ურთიერთობაში არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ მერწმუნეთ, მაქსიმალურად ვცდილობთ თქვენი ინტერესების გათვალისწინებას. 2019 წელს ელჩების კონფერენციაზე ყველა ელჩს ვთხოვე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს თქვენთან ურთიერთობას, რათა არ არსებობდეს არანაირი ბარიერი საელჩოებსა დიასპორას შორის – საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ თითოეული თქვენგანის სახლია.

2019 წელს წარმატებით მოვახდინეთ „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამის იმპლემენტაცია, რომლის მიზანია დიასპორის წარმომადგენელთა იდეების რეალიზაციის ხელშეწყობა. გამოვლინდნენ პირველი გამარჯვებულები. სპეციალურმა კომისიამ, რომელიც შედგებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლებისგან, არჩევანი სწორედ ისეთ იდეებსა და პროექტებზე შეაჩერა, რომლებიც ემსახურებიან საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. მოხარული ვარ, რომ საგრანტო კონკურსის მიმართ დიასპორის წარმომადგენელთა მხრიდან მაღალი ინტერესი იყო. დარეგისტრირდა 144 განაცხადი, კონკურსის ორი ეტაპი კი წარმატებით გაიარა 29 კანდიდატმა.

ტრადიციულად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებს. წარმატებით განხორციელდა პროგრამა – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“; გაიზარდა პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების რიცხვი. პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას, შეიქმნა მათი თანატოლებისგან შემდგარი საქართველოს მეგობართა ქსელი, განხორციელდა არა ერთი კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება. სამინისტრომ „ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა კიდევ უფრო გააფართოვა და წელს, ახალგაზრდა ელჩების რიცხვი 25-მდე გაზარდა.

დიასპორის წარმომადგენლებთან ეფექტიანი კავშირის დამყარების მიზნით, საცდელ რეჟიმში ამოქმედდა დიასპორული პორტალი, gda.ge, რომლის სლოგანია „ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს“. პორტალის მიზანია ერთის მხრივ, ხელი შეუწყოს დიასპორასთან კავშირების განმტკიცებას, მეორეს მხრივ, ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის სახელმწიფო სერვისები და სხვადასხვა შესაძლებლობები.

უაღრესად მოხარული ვარ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“ წელსაც წარმატებით გაგრძელდა და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მომზადებული საკვირაო სკოლების ინტეგრირებული სახელმძღვანელოები წლის განმავლობაში 27 ქვეყანაში მოქმედ 81 საკვირაო სკოლას და 11 ქართული ენის შემსწავლელ კურსს გადაეცა.

ასევე, 2019 წელს, „საზღვარგარეთ არსებული ანსამბლების მხარდაჭერის პროგრამის “ ფარგლებში, საზღვარგარეთ მოქმედ 6 ქართულ ანსამბლს მიეწოდა ეროვნული სამოსი და ხალხური საკრავები. ამ მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერას.

დასასრულს, კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც ურყევად დგახართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და თქვენი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საზღვარგარეთ საქართველოს წარმოჩენაში, ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების განმტკიცებაში.

ჩემის მხრივ, 2020 წელს, კვლავაც არ დავიშურებ ძალისხმევას საქართველოს წარმატებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.

მაქვს თქვენი თანადგომისა და აქტიური ჩართულობის იმედი.

მრავალ ახალ წელს!”

სხვა სიახლეები

“ვინც დღეს საქართველოში ყველაფრით უკმაყოფილო და უმადური ხართ, ევროპიდანაც მოისმინეთ ისტორიები!” – ირმა შიოლაშვილი

Editor

საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროს საზღვრები გაიხსნა

Editor

10 წლის სანდრომ საკუთარი დაბადების დღისთვის შეგროვებული ფულით ძაღლებს საკვები უყიდა 

Editor

„თუ სამშობლოს სიყვარული დანაშაულია, ჩათვალეთ რომ საშინელი დამნაშავე ვარ…”

Editor

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზიმ ძველით ახალი წელი ანა კალანდაძის ლექსით მოგვილოცა

Editor

“მასწავლებელო, დამეხმარე ვიყო შემოქმედი”

Editor