„ჩვენ საქართველოდან ვართ“ – ქართული სივრცე გერმანიაში

კულტურის კვლევების დოქტორი, თამარ ბელქანია „ქართული კვირის“ მკითხველს გერმანიაში მცხოვრები ქართველი წყვილის შესახებ უყვება, რომლებმაც ქალაქ დარმშტატში ქართული საქმე წამოიწყეს და შექმნეს სივრცე არა მარტო ხელოვნების, არამედ საკუთრი სამშობლოს სიყვარულის სასწავლებლად.

არ არის ადვილი უცხოეთში, მით უფრო გერმანიაში თავი დაიმკვიდრო. ბაჩო ჭამელაშვილმა და ლელა არველაძემ საქართველო წლების წინ დატოვეს. ორივე მათგანმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ლელა ხელოვნებათმცოდნეა, ხოლო ბაჩო – მხატვარი. ორი შვილი – 18 წლის ნინო და 15 წლის ნიკა ჰყავთ.

მთელი ოჯახი დღეს გერმანიის ქალაქ დარმშტადში ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ ოჯახის ყველა წევრს თავისი საქმე და ცხოვრებისეული რუტინა აქვთ, მათ ერთი რამ აერთიანებთ – ეს ქალაქ დარმშტადში ცენტრალურ ქუჩაზე გახსნილი ქართული ხელოვნების სახლია. სამსართულიანი ევროპული სტილის შენობის პირველ სართულზე ოთახები ისეა განლაგებული, რომ იქ მოხვედრილი ადამიანი უმალვე აღმოჩნდება ხელოვნების გარემოში.

ეს არის „სივრცე ქართული კონტექსტით“ – აქ ერთი ოთახი ქართული წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას ეთმობა, ამ ეტაპზე გამოფენილია ქართული ღვინო – დანარჩენი ოთახები კი სასწავლო კლასებად იყოფა. ხელოვნების სახლი დილიდან საღამოს რვა საათამდე ღიაა ყველასათვის, ვისაც ხელოვნება და საკუთარ ფესვებთან სიახლოვე სურს. აქაური სასწავლო მოდული იძლევა შესაძლებლობას, რომ ბავშვები ეზიარონ ხელოვნებას, მხატვრობას. გაიგონ თუ როგორ ხდება კომპოზიციის აწყობა, რას ნიშნავს ფერი, ფორმა… მოზარდები სწავლობენ პერსპექტივას, გრაფიკას, კომპოზიციას, ფერწერას, ხელოვნების ისტორიას, საქართველოს ისტორიას, მუსიკას, ვოკალსა  და მუსიკალურ ლიტერატურას. გარდა ამისა, მათ აქვთ შეხვედრის ადგილი უკვე მათთვის სასურველ გარემოში. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი ახლახან გაიხსნა, უკვე დაგეგმილია რამდენიმე ტიპის ღონისძიება – იქნება ეს ვერნისაჟი, ლიტერატურული საღამო თუ საჯარო ლექცია. დაგეგმილია სხვადასხვა ქვეყნიდან ბავშვებისათვის საინტერესო საზოგადო მოღვაწეების მოწვევაც.

ლელა არველაძე – ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნების სახლის დამფუძნებელი –   

ქალაქ დარმშტადში  150-ზე მეტი ქართული ოჯახი ცხოვრობს. თითოეულ ოჯახში  2 ან 3 ბავშვი იზრდება. უმეტესად ოჯახში  გერმანულ ენაზე საუბრობენ, რაც ლოგიკურია, რადგან ბავშვები დღის უმეტეს ნაწილს სკოლაში ატარებენ, საბავშვო ბაღში და შემდეგ სხვადასხვა წრეებზე სიარულით  არიან დაკავებულები. გამომდინარე აქედან, სახლშიც  გერმანულ ენაზე საუბარი ურჩევნიათ. რეალურად კი ისინი  ქართულ გარემოს არიან  მოკლებულნი. ყოველივე აქედან გამომდინარე, უნებურად ხდება ქართული ენის, ტრადიციების, კულტურისა და ისტორიის მივიწყება და ასე ნელ-ნელა კარგავენ ქართველები საკუთარ იდენტობას. ეს პრობლემა ყველა მშობლისათვის ძალზედ მტკივნეულია, ისინი ვერ პოულობენ პრობლემის მოგვარების გზებს, გამომდინარე იქიდან, რომ დარმშტადში არ არსებობს რაიმე ქართული წრე, სადაც შესაძლებელი იქნება მათი შვილები აღმოჩნდნენ ქართულ გარემოში, სადაც შეძლებენ პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობას. გარდა ამისა, ქართველი ბავშვები გაიცნობენ ერთმანეთს, დამეგობრდებიან და ისაუბრებენ ქართულ ენაზე. ჩვენი ოჯახიც იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ქალაქში გაგვეხსნა „პატარა საქართველო“, სადაც იქნებოდა შეხვედრის ადგილი როგორც ერთმანეთთან ასევე ქართულ ხელოვნებასთან. გარდა ამისა ვცდილობთ, რომ გავერკვეთ ქართველთა საჭიროებებში და ამ სახლს ფუნქცია გავუზარდოთ.“

ბაჩო ჭამელაშვილი – მხატვარი. ხელოვნების სახლის დამფუძნებელი

დიდი ხანი არაა, რაც ამ ქალაქში დავფუძნდით, მქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა. მას მერე, რაც გავეცანი ქართულ საზოგადოებას, მივხვდი, რომ მეტი იყო საჭირო, ვიდრე მხოლოდ საკუთარი ნახატების გამოფენაა, ამიტომ მეუღლესთან ერთად  გადავწყვიტე აქაური ქართველებისათვის ხელოვნების შესწავლის ცენტრი გაგვეხსნა. ვასწავლი ხატვას, კომპოზიციას, პერსპექტივის შედგენას. ჯგუფები მალევე შეივსო, რაც პირველი ნიშანია იმისა რომ სწორ გზას ვადგავართ. ასეთი სახლი ამ ქალაქში საჭირო იყო, მეტიც – უნდა ითქვას, რომ უკვე გერმანიის სხვა ქალაქებიდანაც გვყავს მოსწავლეები. ჩვენ ვგეგმავთ ნახატების გამოფენას.

ამ ცენტრს ბევრი მიზანი აქვს და ერთ-ერთი მიზანი არის სწორედ გერმანიაში ქართული კულტურის შესწავლა, ფესვებთან კავშირი და ასევე ეროვნული კულტურის პროპაგანდა, რომ ისინიც გვიცნობდნენ და იცოდნენ, რას წარმოადგენს საქართველო.

საგულისხმოა ისიც, რომ ცენტრის გახსნას 8 დეკემბერს  ესწრებოდნენ გერმანიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და მოგეხსენებათ მათ გარეშე ძნელია მასშტაბური პროექტების განხორციელება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან და მათ მიერ ხელოვნების სახლში მოტანილი ქართული მხატვრული ლიტერატურა თუ სასწავლო სახელმძღვანელოები ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია.

ჩვენი პროექტის მიზანი მთლიანად მიმართულია ზემოთ აღწერილი პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენი პროექტი – ხელოვნების კურსი გრძელვადიანია. მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ – შაბათობით.
ხელოვნების სახლი მიზნად ისახავს მოსწავლე ახალგაზრდობის დაინტერესებასა და  სამშობლოსადმი მათი სიყვარულის გაზრდას, ქართული ენისა და მისი ისტორიის შესწავლას, უნარების გაღრმავებას, ფართო აუდიტორიის წინაშე მეტყველებას, პრეზენტაციების წარდგენას სხვადასხვა თემებზე. პროექტის მიზანია, ქართველ ახალგაზრდებს შეუქმნას ქართული გარემო, სადაც ისაუბრებენ მხოლოდ ქართულად, მოისმენენ და შეისწავლიან საინტერესო საგნებს მშობლიურ ენაზე. ხელოვნების სახლი გარდა მეცადინეობისა, იქნება ადგილი, სადაც დღის ნებისმიერ დროს ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ ერთმანეთს, იმეგობრონ და ისაუბრონ სხვადასხვა თემებზე.

გარდა ამისა, ხელოვნების სახლი გეგმავს მეორე საინტერესო პროექტს, სახელწოდებით ,,ჩვენ საქართველოდან ვართ”. მოგეხსენებათ, გერმანიაში ქართველი ხელოვანების გარკვეული ნაწილი ცხოვრობს. მათი მონაწილეობით თვეში ერთხელ გაიმართება ქართული საღამოები, სადაც მოწვეულ გერმანელ საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს ქვეყანას, ამ პროექტით კიდევ უფრო გავზრდით და ავამაღლებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და ცნობადობას გერმანული საზოგადოებისათვის.
ღონისძიების მზადებაში ჩართულები იქნებიან ქართველი ახალგაზრდები, ამით კიდევ უფრო გაითავისებენ და შეიყვარებენ ქართულ ტრადიციებს, ისტორიასა და კულტურას.
ხელოვნების სახლის მთავარი მიზანია, რომ მომავალი თაობას, რომლის გარკვეული ნაწილი ცხოვრობს და იზრდება უცხო ქვეყანაში, ხელი შეუწყოს ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

გარდა ამისა, იგეგმება და ჩატარდება საჯარო ლექციები სტუდენტებისათვის. საჯარო ლექციებს სხვადასხვა თემებზე ჩაატარებენ თბილისიდან მოწვეული კომპეტენტური ადამიანები.  დაინიშნება კონსულტაციები  როგორც იურიდიული, ასევე სამედიცინო მიმართულებით.  გარდა ამისა, გაიხსნება ღვინის, ქართული სამოსის და ქართული ლიტერატურის სტენდები.

ხელოვნების სახლში არსებულ გალერეაში მოსული უცხოელი სტუმრები გაეცნობიან ქართულ კულტურას, ლიტერატურას, დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს და სურვილის შემთხვევაში, მათ შევთავაზებთ ტურებს საქართველოში. აღნიშნულით ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.