ქართველი მზეთუნახავის მოწყალების სახლი ‘’სიბილ ქუთაბი’’ და სიღატაკეში დასრულებული სიცოცხლე

საქართველოდან წლების მანძილზე იტაცებდნენ და უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში მონებად ყიდდნენ ქართველ ახალგაზრდებს, თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც მონობიდან თავისუფლება მოიპოვა და თავისი სახელი ისტორიასაც დაუტოვა. ერთ – ერთი ასეთი გამორჩეული პიროვნება ქართველი მზეთუნახავი იყო, რომელიც 1768-1773 წლებში ეგვიპტის მამლუქთა გამოჩენილმა ბელადმა და დიდი ანტიოსმალური აჯანყების წინამძღოლმა, წარმოშობით ქართველმა ალი ბეი ალ-ქაბირმა ტყვეთა ბაზარში იყიდა.

გოგონამ თავისი გონება–გამჭრიახობით მალე ისე გაითქვა სახელი, რომ ალი ბეიმ ცოლად შეირთო. ალი ბეი მეუღლეს ნაზი სიყვარულით ეტრფოდა და სასახლეც აუგო ეზბეკიეს მოედანზე.

1773 წელს ალი ბეი ალ-ქაბირი ბრძოლაში მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. ჭკვიანმა ქვრივმა, სეტი ნეფისემ,  განაგრძო ქონების მართვა და ქველმოქმედებასაც ეწეოდა.

ცოტა ხანში სეტი ნეფისე მეორე, ძალიან ცნობილ ქართველ მამლუქს, მურად ბეგს გაჰყვა ცოლად. ეს კავშირი ეგვიპტისათვის ბედნიერების მომტანი იყო. ქალმა ისე დაიპყრო მეუღლის გული, რომ შეძლო მისი მძვინვარე ხასიათის შერბილება და ხშირად აცვლევინებდა სასტიკ გადაწყვეტილებებს.

ეტი ნეფისემ კარგად შეითვისა არაბული ენა, წიგნებს კითხულობდა.  შეიხები, მამლუქები და მთელი მოსახლეობა  დედოფალს უდიდეს პატივს სცემდა. მან ააშენა თავისი სახელობის მოწყალების სახლი, რომელსაც სიბილ ქუთაბი ერქვა. აქ, სხვა მოწყალებასთან ერთად, სასმელ წყალსაც უფასოდ გასცემდნენ. იგი მფარველობდა მრეწველობასა და ვაჭრობას.

1798 წელს ეგვიპტეს ნაპოლეონის ჯარები მიადგნენ. მურად ბეგი და იბრაჰიმ ბეგი (შინჯიკაშვილი), ორი ბელადი, რომლებიც განაგებდნენ მთელ ეგვიპტეს, ნაპოლეონს პირამიდებთან შეებნენ, მაგრამ დამარცხდნენ და ჩრდილოეთ ეგვიპტეს, სირიას შეაფარეს თავი და იქ დაბანაკდნენ. ხოლო სეტი ნეფისე ქაიროში დარჩა, სადაც ნაპოლეონის არმია შევიდა და დაიწყო თავისი ძალაუფლების გავრცელება. ნაპოლეონს გაგონილი ჰქონდა სეტი ნეფისეს შესახებ. იცოდა, რომ თუ მას ხელს ახლებდა მოსახლეობა აუმხედრდებოდა და აჯანყებულებთან მოუწევდა ბრძოლა. ამიტომ მას ხელშეუხებლობა აღუთქვა, ოღონდ თავისი სასახლის გამოსასყიდი თანხა მოსთხოვა, რაც ას ოცი ათას ფრანგულ რეალს შეადგენდა. ეს თანხა დედოფალმა მაშინვე გადაიხადა და გააგრძელა დედოფლური ცხოვრება თავის სასახლეში.

თავისი გამჭრიახობით სეტი ნეფისემ  მურად ბეგი და მისი მეომრები უკან დააბრუნა და ფრანგებთან შეარიგა, ამიტომაც ეძახდნენ მას „მამლუქთა დედას“.

მეუღლის, მურად ბეგის  გარდაცვალების შემდეგ, 1803 წელს, სეტი ნეფისე ოსმალების სამიზნე გახდა. ოსმალეთის ხონთქრის მიერ დანიშნულმა ეგვიპტის გამგებელმა მუჰამედ ალიმ, ოსმალეთის ხონთქრის ბრძანებით, სეტი ნეფისეს ჩამოართვა ადგილ–მამულები და ცხოვრების ყველანაირი სახსარი.

უთვისტომო გოგონა, რომელმაც თავისი სილამაზით, გონიერებით, სათნოებითა და გამბედაობით დიდების ზენიტს მიაღწია, თითქმის სიღატაკეში გარდაიცვალა, თუმცა წარუშლელი კვალი დატოვა ეგვიპტის ისტორიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები