დავით IV აღმაშენებლის გამორჩეული მონეტა საქართველოშია
13 დეკემბერს არ გამოტოვოთ უნიკალური შესაძლებლობა იხილოთ ბრიტანეთის მუზეუმში დაცული დავით აღმაშენებლის მონეტა.
გამოფენის დასრულებასთან დაკავშირებით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კარი ყველა მსურველისთვის 18:00-დან 21:00 საათამდე გაიღება. სპეციალურად ბავშვებისთვის გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამები და კოსტიუმირებული სანახაობა – მსახიობები დავით აღმაშენებლის ეპოქას გააცოცხლებენ.
ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში დაცული დავით აღმაშენებლის მონეტა ბრიტანეთის საელჩოს, ბრიტანეთის საბჭოსა და ეროვნული მუზეუმის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ჩამოვიდა საქართველოში. აღნიშნული მონეტა დავით IV აღმაშენებლის მოჭრილ მონეტებს შორის გამორჩეულია მასზე არსებული წარწერითა და გამოსახულებით. ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს. რევერსზე კი მონეტის ცენტრში, ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა”.
15 დეკემბერს დაიხურება გამოფენა და 2019 წლის ბრიტანული სეზონი საქართველოში.
ბრიტანული სეზონი UK/Georgia 2019 ბრიტანეთის საელჩოს და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად წარმოდგენილი 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი სპეციალური პროგრამაა, რომელიც განხორციელდება 2019 წლის სექტემბრიდან იანვრამდე. UK/Georgia 2019 წარმოგიდგენთ თანამედროვე, მრავალფეროვან, გლობალურ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ბრიტანეთს თავისი კულტურით, სპორტით, განათლებითა და ბიზნესით.