ჰააგაში ჟესტების ენაზე შესრულებული ქართული სპექტაკლი გაიმართა

ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში ქართველმა ხელოვანებმა ჟესტების ენაზე შესრულებული მონოსპექტაკლი – „დაბადების დღე“ ითამაშეს.

„დაბადების დღე“ მოგვითხრობს ნინისა და გიორგის რომანტიკულ ისტორიას. ახალგაზრდა გოგონა შეყვარებულთან ერთად თბილისიდან ბათუმში ზღვის სანახავად იპარება. რამდენიმე წლის შემდეგ კი მათი სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად ვითარდება. მონოსპექტაკლის რეჟისორი და პიესის ავტორია ლაშა შეროზია, შემსრულებელი კი ინგა კირცხალავა.

სპექტაკლი პროექტის „მედიArt2“ ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ერეკლე კოპლატაძის მხარდაჭერით  გაიმართა.

„მედიArt2“ არის პროექტი, რომელიც  ითვალისწინებს თანამედროვე სახელოვნებო პროდუქტის ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მოიცავს სამ სახელოვნებო მიმართულებას: მხატვრობას, მუსიკასა და თეატრს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ყველა აქტივობა  ადაპტირებული და აღქმადი იყო  სმენისარმქონე ან სმენადაქვეითებული პირებისათვის.

ჰააგაში გამართულ სპექტაკლს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი, გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

ჟესტების ენაზე შესრულებული სპექტაკლი 21 ნოემბერს ჰოლანდიის სტუდენტურ ქალაქ გრონინგენშიც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები