ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ღაზას სექტორიდან ნასროლი ათობით რაკეტასთან დაკავშირებით, ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და სამოქმედო ინსტრუქციას აცნობს.

საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„მოქალაქეთა საყურადღებოდ! გთხოვთ, გაეცნოთ ინსტრუქციას:

მოქმედების ინსტრუქცია ისრაელში განგაშის სიგნალის/სირენის ამოქმედების შემთხვევაში:

სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენ ადგილმდებარეობაზე, კერძოდ:

• შენობაში – უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები;

• შენობის გარეთ ყოფნისას – შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

• ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

• სამ ან მეტსართულიან შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ;

• სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ;

• დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

• სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

• დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას;

• თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ვებ-გვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელის ქალაქ სდეროთში ღაზას სექტორიდან გაშვებული ორი რაკეტა ჩამოვარდა. თელ-ავივში, ბათ-იამში, ჰერცილიასა და რიშონ ლე-ციონში გამაფრთხილებელი განგაში ამოქმედდა.

როგორც ჰერცილიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე აცხადებს, განგაშის სიგნალის ამოქმედების შემდეგ ხალხი სამალავებში გადაიყვანეს.

„რასაც ბომბავენ იქიდან შორს არ ვარ. ჰერცილიაში ვარ. სამალავში დაგვმალეს და ბომბებს ჰაერშივე აფეთქებენ. ძალიან მეშინია“, – ამბობს საქართველოს მოქალაქე.

კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ამჟამად თელ-ავივში იმყოფება ჰყვება, რომ ქალაქში პანიკაა, თუმცა ხალხი სამალავებში არ გადაუყვანიათ.

მისივე თქმით, ქალაქში ხალხი საუბრობს იმაზე, რომ მოსალოდნელია ღაზას სექტორის მხრიდან დღის ბოლოსთვის თელ-ავივზე საჰაერო იერიშის მიტანა.

წყარო: kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები