მარიამ ბაწაშვილის წარმატებული გამოსვლა ვენის Musikverein-ში

21 ოქტომბერს, ვენის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზ Musikverein-ში გაიმართა ქართველი პიანისტის, მარიამ ბაწაშვილის კონცერტი.

Musikverein-ის დიდ საკონცერტო დარბაზში ეს მარიამ ბაწაშვილის სადებიუტო კონცერტი იყო, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა. კონცერტზე ქართველმა პიანისტმა ამერიკელი დირიჟორის, Fawzi Haimor-ის ხელმძღვანელობით, როიტლინგენის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკისა და შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტს საქართველოს ელჩი ავსტრიაში, დავით დონდუაც დაესწრო.

წარმატებული ქართველი პიანისტი მარიამ ბაწაშვილი გერმანიის ქალაქ ვაიმერში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. 2011 წელს მარიამ ბაწაშვილმა ლისტის ნაწარმოებების საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის ლისტის ფონდის მიერ დაარსებული სპეციალური პრიზი და ახალგაზრდების მუსიკალური კონკურსების ევროპული გაერთიანების (EMCY) პრიზი მოიპოვა, რის შემდეგაც მუსიკალური განათლება მიიღო ვაიმერში, ფერენც ლისტის უნივერსიტეტში.

2014 წელს ლისტის საერთაშორისო კონკურსზე ქართველ პიანისტს მასმედიის პრიზი ერგო. 2017 წელს მარიამ ბაწაშვილი BBC რადიომ ახალი თაობის გამორჩეულ ხელოვანებს შორის დაასახელა. იმავე წელს ევროპის საკონცერტო დარბაზების მიერ იგი „ამომავალი ვარსკვლავის“ ნომინაციაზე იქნა წარდგენილი. მუსიკალური გამოცდილება ქართველმა პიანისტმა ისეთ სახელოვან ორკესტრებთან ერთად მიიღო, როგორიცაა ჰოლანდიის რადიო ფილარმონიული ორკესტრი, როტერდამის და ბრიუსელის ფილარმონიული ორკესტრები.

ვენის საკონცერტო დარბაზის შემდეგ, მარიამი შემოქმედებით ტურნეს ევროპის სხვადასხვა ქალაქში განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები