რუმინეთში საქართველოს საელჩო თანამემამულეებს განცხადებით მიმართავს

რუმინეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს, რუმინეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სასაზღვრო პოლიციის მიერ, ავტომანქანისა და მართვის მოწმობის ჩამორთმევის თაობაზე, განცხადებით მიმართავს. საელჩო თანამემამულეებს ურჩევს, უცხოეთში ავტომობილის შეძენისას, გულდასმით გაეცნონ თანდართულ დოკუმენტებს, გამყიდველისგან მოითხოვონ სათანადოდ შევსებული ფორმულარები და ადგილზე გადაამოწმონ თარიღების, მანქანის სარეგისტრაციო მონაცემებისა და სახელებისა და გვარების სიზუსტე.

,,გახშირდა შემთხვევები, როდესაც საელჩოს/საკონსულო დაწესებულებას მიმართავენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც, სხვადასხვა მიზეზით, რუმინეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სასაზღვრო პოლიციის მიერ ჩამოერთვათ ავტომანქანა ან მართვის მოწმობა.

რუმინეთში მოქმედი რეგულაციების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საზღვარზე მანქანის ან მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევებში, შესაბამისი სამსახურები იწყებენ საქმის გამოძიებას, რაც როგორც წესი, გრძელდება დაახლოებით სამი თვე. საქმის დასრულების შემდეგ, კომპეტენტური ორგანოები თავად უკავშირდებიან ავტომანქანის მფლობელს და აწვდიან ინფორმაციას ჩამორთმეული ავტომანქანის დაბრუნების გზებზე. ჩამორთმეული მართვის მოწმობები კი დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

გამომდინარე იქედან, რომ საელჩოს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი თუ სხვა სახის ბერკეტი, დააჩქაროს გამოძიების პროცესი ან რამენაირად იმოქმედოს მის შედეგებზე, რუმინეთში საქართველოს საელჩო ურჩევს საქართველოს მოქალაქეებს, რომ უცხოეთში ავტომობილის შეძენისას, გულდასმით გაეცნონ თანდართულ დოკუმენტებს, გამყიდველისგან მოითხოვონ სათანადოდ შევსებული ფორმულარები და გადაამოწმონ თანდართულ დოკუმენტებში თარიღების, მანქანის სარეგისტრაციო მონაცემებისა და სახელებისა და გვარების სიზუსტე“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები