ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა და უცხოელმა მკვლევრებმა, ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლითონის დნობის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთში აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს. აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვიან ბრინჯაო – ადრერკინის ხანაში ლეჩხუმი მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი იყო და კავკასიის სპილენძის ლითონწარმოებაში წამყვან როლს ასრულებდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ექსპედიცია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და არქეოლოგიის დოქტორ ნანა რეზესიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება.
სპილენძის უძველესი სახელოსნოების კვლევას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ნინო სულავა უძღვება. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, სამუშაოებში მონაწილეობდნენ უცხოელი მკვლევრები დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან და იტალიიდან.