კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში იმყოფებოდა

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის მოწვევითა და დაფინანსებით, აგრეთვე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადაფინანსებით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი, პროფესორ ლიანა ჭონიშვილის ხელმძღვანელობით ესტონეთის დედაქალაქ ტალინში იმყოფებოდა.

“ქართველი სტუდენტები დაესწრნენ ტალინის ოპერის ბიჭუნათა გუნდის რეპეტიციებს, სხვადასხვა პროფესორების მასტერკლასებს, გაეცნენ სასწავლო პროცესს, ეწვივნენ არვო პერტის ცენტრს. ეს პროექტი 20 ივნისს, ტალინის მუსიკისა და თეატრის აკადემიის დიდ საკონცერტო დარბაზში საზეიმო კონცერტით დაგვირგვინდა, რომელსაც პროფესორი ლიანა ჭონიშვილი დირიჟორობდა.
საღამომ მსმენელის განსაკუთრებული მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა. კონცერტზე შესრულებულმა ქართულმა მუსიკამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ესტონურ პუბლიკაზე, რასაც დარბაზის მხრიდან ხანგრძლივი და უწყვეტი ოვაციები მოჰყვა. ძალზე ემოციური იყო ესტონური საგუნდო მუსიკის აჟღერება ქართველი სტუდენტების მხრიდან”, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.