ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა US International Awards-მა, რომელიც კორპორაციულ ვიდეოებსა და დოკუმენტურ ფილმებს აჯილდოებს, 2026 წლის გამარჯვებულები გამოავლინა.
ფესტივალის მთავარი ტრიუმფატორი დოკუმენტური ფილმი „მოპარული ბავშვები“ (Stolen Children) გახდა, რომელიც TVN Warner Bros. Discovery (Poland)-ის მიერ იყო წარდგენილი და ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის საგამოძიებო მოქმედებებსა და საქართველოში ჩვილების გაყიდვისა და ტრეფიკინგის მრავალწლიან ფარულ ქსელს ეხება.
ფილმმა კონკურსზე ერთბაშად სამი უმნიშვნელოვანესი ჯილდო მოიპოვა:
- Grand Award — უმაღლესი მთავარი ჯილდო დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში;
- Gold Award — ოქროს ჯილდო სოციალური საკითხების (Social Issues) კატეგორიაში;
- Best Use of Emotion — ჯილდო ემოციის საუკეთესო გამოყენებისთვის (Production Art & Craft კატეგორიაში).
ტელეკომპანია TVN Warner Bros. Discovery Poland ასევე დასახელდა წლის საუკეთესო სატელევიზიო ქსელად (TV Network of the Year).
US International Awards (ყოფილი US International Film & Video Festival) 1967 წელს დაარსდა ლოს-ანჯელესში და უკვე 59 წელია, რაც არსებობს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე ფესტივალია კორპორატიული მედიისა და დოკუმენტური კინოს სფეროში.