ბუდაპეშტში ოფიციალურად გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ქართული ძიუდოს ოჯახმა, სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა, ვეტერანებმა, ფედერაციის თანამშრომლებმა და თითოეულმა ადამიანმა, ვინც ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უნგრეთში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, მარიუს ვიზერს, შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ძიუდოზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სპორტის სახეობაზე, ისაუბრეს; ასევე მხარეები ოფიციალურად შეთანხმდნენ, რომ 2029 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 2029 წლის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება. ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა მოაწერეს.
ბუდაპეშტში სპორტის მინისტრთან ერთად ასევე იმყოფებიან სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და დელეგაციის სხვა წევრები.