კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველომ ცხრა მედალი მოიპოვა

ბათუმი კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც 37 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ევროპის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტ რემიგიუშ კარპინკსკისთან ერთად, ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრებო დღეს დაესწრო.

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს კონტაქტური კარატეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა იასპარეზა და შეჯიბრება ცხრა მედლით დაასრულა; აქედან სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.

ევროპის ჩემპიონობა ნინო შუბითიძემ (-55 კგ), გიორგი ძნელაძემ (- 60კგ) და საბა ჭრელაშვილმა (+ 80კგ) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონები ნანა ნიკურაძე (- 55კგ) და ამირან ტატულიშვილი (- 80კგ) გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალს გიორგი ბარნაველი (- 60კგ), ედგარ აბგარიანი (- 65კგ), საქართველოს სახელით მოასპარეზე ოსკარ ჰინშლეი (- 65კგ) და მალხაზ ქაჯაია (- 70კგ) დასჯერდნენ.

საქართველო კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მესამედ, ბათუმი კი პირველად მასპინძლობს. ევროპის ჩემპიონატი 2016 და 2021 წლებში თბილისში ჩატარდა. ჩემპიონატი, რომელშიც 22 ქვეყნის 500-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს, 10 მაისს დასრულდება.

Ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

კონტაქტური კარატე