ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში შვედი ნიკლას ოჰლენი 3:1 დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს ტურნირზე მესამე მედალი მოუტანა.
ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გელა ბოლქვაძე (82 კგ) ბრინჯაოსმედალოსანი გახდა, ხოლო იური ლომაძე (72 კგ) ვიცე-ჩემპიონი. ქართველი ფალავანი ფინალში საფრანგეთის სახელით გამომსვლელ იბრაჰიმ მაჰომედ განემთან დამარცხდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში ასპარეზობა მე-3 ადგილზე დაასრულა. მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ გეგეშიძის, ხელმძღვანელობით ნაკრების წევრებმა 5 მედალი მოიპოვეს და 118 ქულა დააგროვეს – იური ლომაძემ (72 კგ), ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) და რამაზ ზოიძემ (77 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) და გელა ბოლქვაძემ (82 კგ) – ბრინჯაოს მედლები.
24 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.