ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR” ორგანიზებით, ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია „Georgian Grand Tasting“ გაიმართა.
ღონისძიებას, რომლის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა, პოლონელი ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანიის სხვადასხვა სახეობის პროდუქცია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის სამი მასტერკლასი, რომლებსაც გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი და პოლონური კომპანიის „ო-ლილე“ ხელმძღვანელი ქეთევან ფრანგულაიშვილი უძღვებოდნენ.
გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი დაესწრო. დეგუსტაციაზე „Georgian Grand Tasting“ ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.