15 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში, პროექტის – „აშუღური ტრადიციები და საქართველოს აზერბაიჯანელთა ფოლკლორული ცხოვრება“ – ფარგლებში საქართველოს აზერბაიჯანელთა ტრადიციული მუსიკის საღამო „საზს გეფიცები’’ გაიმართება, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის კულტურისა და ტრადიციების ახლოს გაცნობასა და პოპულარიზაციას ემსახურება.
საღამოს განმავლობაში მოისმენთ უნიკალურ აშუღურ სიმღერებს საზის თანხლებით, აზერბაიჯანულ მუღამს, საცეკვაო მელოდიებს მეზურნეთა ანსამბლის შესრულებით, ტრადიციულ ნიმუშებს ქალთა რეპერტუარიდან.
კონცერტში მონაწილეობენ: შახბაზ მამედოვი, არიზ ჰუსეინოვი, ჰავასგარ გურბანოვი, გულაიათ ვალიგიზი, ფამილ ნაბიევი, ზიადდინ ალიევი, თაღი თაღიევი, საჰიბ ალიევი. მეზურნეთა ანსამბლი, ბაფალი ადიგოზალოვისა და თინა (ნარგილე) მეჰთიევას მოსწავლეები.
“საქართველოს აზერბაიჯანელთა ტრადიციული მუსიკის საღამოს გამართვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენად მიგვაჩნია, იმდენად, რამდენადაც ეს მუსიკალური ტრადიცია დღესდღეობით ფართო მსმენელისთვის თითქმის სრულიად უცნობია. ასე რომ, აუცილებლად შემოგვიერთდით!” – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.