28 მედალი ალბანეთიდან – 9 ოქრო, 13 ვერცხლი და 6 ბრინჯაო

20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ალბანეთის დურესი მასპინძლობს, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მორიგი მედლები დაისაკუთრა.

23-წლამდელებში მოასპარეზე ზაზა ლომთაძემ (109 კგ) ატაცში 164 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა. უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 205 დაიმორჩილა და პირველი ადგილი ერგო. კვარცხლბეკის პირველი საფეხური დაიკავა ორჭიდში დაგროვილი 369 კილოგრამითაც.

ამავე წონაში იასპარეზა აკაკი ტალახაძემ, რომელმაც აკვრაში 199 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

იგივე წონაში, ოღონდ 20-წლამდელებში მედლები მოიპოვა გიორგი კირვალიძემ.

მას ატაცში 157 კილოგრამის დაძლევით მეხუთე შედეგი ჰქონდა. ბევრად უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 194 კილოგრამის დამორჩილებით მესამე ადგილზე გავიდა. ასევე მესამე ადგილზე გავიდა ორჭიდში დაგროვილი 351 კილოგრამით.

ალბანეთში გამართულ იუნიორ და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაშიც წარმატებას მიაღწია.

საზეიმო ღონისძიებაზე ევროპის ფედერაციამ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს 23 წლამდე ნაკრები გამარჯვებულად გამოაცხადა, მათი მწვრთნელი გიორგი ასანიძე კი შეჯიბრების საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა და ოქროს მედალი გადაეცა.

უმედლოდ არც 20 წლამდე ნაკრები დარჩენილა. გუნდი მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით მეორე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე გოგონათა ნაკრებიც გამოირჩა. მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მედლების მოპოვება გუნდის სამივე წევრმა შეძლო.