„ფლორენციის სასახლეში“ გიორგი ლობჟანიძის ‘’სიზმრის ნანგრევებში’’ იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

19 ოქტომბერს, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისში, „ფლორენციის სასახლის“ „პრიმატიჩოს“ ულამაზეს საკონფერენციო დარბაზში,  საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში, ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და აღმოსავლეთმცოდნეს, პროფესორ გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის ‘’სიზმრის ნანგრევებში’’ იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რომის კურიის, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და რომის ქართული დიასპორის წარმომადგენლები. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონმა, წიგნის იტალიელმა გამომცემელმა ჯულიანო ლადოლფიმ, მთარგმნელმა ნუნუ გელაძემ და თავად ავტორმა, გიორგი ლობჟანიძემ.   იტალიურ ენაზე  პოეტის ლექსები წაიკითხა ცნობილმა იტალიელმა მსახიობმა ჯულიო გრეკომ.

დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა იტალიურად და ქართულად წაკითხულმა, განსაკუთრებით კი უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილმა ლექსებმა.

ღონისძიების დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.