საჩუქარი საქართველოში მყოფ უკრაინელ ბავშვებს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და Gino Paradise-მა უკრაინელ ბავშვებს აკვაპარკში უმასპინძლა. 100-მდე უკრაინელი ბავშვისთვის აკვაპარკში მდებარე წყლის ატრაქციონები და გასართობი ობიექტები უფასო იყო.

„ჩვენ უკრაინიდან ვართ, რუსეთის აგრესიის გამო იძულებული გავხდით სახლები დაგვეტოვებინა და საქართველოში ჩამოვსულიყავით. ქართველები როგორც ნამდვილი მეგობრები ღიმილით დაგვხვდნენ და ძალიან დაგვეხმარნენ. ჩვენ ამჟამად სასტუმროში ვცხოვრობთ.

საქართველოში ძალიან თბილად მიგვიღეს, ბავშვთა დაცვის დღეს ჩვენ ძალიან კარგ აკვაპარკში ვისვენებთ. როგორც დედამ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ტურიზმის ადმინისტრაციას, რომ ჩვენს ბავშვებს ასეთი მშვენიერი დღე აჩუქეს“,- ამბობს ელენა კისტრიცა უკრაინიდან.