კონსერვატორიაში ლევან ცხადაძის მასტერკლასები გაიმართება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი წარმატებული კონსერვატორიელების მიერ გამართული მასტერკლასების სერია გრძელდება. 5, 6, 7 აპრილს მასტერკლასებს ჩაატარებს ლევან ცხადაძე (კლარნეტი).ლევან ცხადაძე დაიბადა 1983 წლის 2 ოქტომბერს, თბილისში. კლარნეტზე დაკვრა 12-13 წლის ასაკში დაიწყო. დაამთავრა ევგენი მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი დავით ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით (კლარნეტი). ამავე პედაგოგთან სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 2005–2011 წლებში სწავლა გააგრძელა ამსტერდამისა და ნიცის კონსერვატორიაში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ პარმენ დე ბური და მიშელ ლეტიეკი. დაამთავრა, ასევე, მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სასწავლებელი. გავლილი აქვს მასტერკლასები ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან კარლ ლაისტერი, მენაჰემ პრეისლერი, პოლ მაიერი, ანტონი ჰეი და მრავალი სხვა.

მას დაკრული აქვს პირველი კლარნეტის პარტია ბელფასტის, ალსტერისა და ევროპის სხვა სიმფონიურ ორკესტრებთან, ინგოლშტადტის კამერულ ორკესტრთან და სხვ. ჰქონდა კონცერტები გერმანიაში, ირლანდიაში, საფრანგეთში. როგორც სოლისტი იგი რეგულარულად გამოდის დასავლეთ ევროპის სხვადასხვა დარბაზებში, როგორებიცაა: ამსტერდამის კონცერტგებაუს, როტერდამის „დე დულენის“, გრონინგენის, ოსტერპორტის დარბაზები. მუსიკოსი „საქართველოს სიმფონიეტასთან“ ერთად წარდგა 2010 წელს გერმანელი მსმენელის წინაშე ბერლინის კონცერტჰაუზში. ასევე, 2012 წელს ჰოლანდიაში, კონცერტგებაუს დიდ დარბაზში შეასრულა არეო პიარტის “In Spe“ „საქართველოს სიმფონიეტასა“ და დირიჟორ მარკუს პოშნერთან ერთად.