კინოფესტივალის „Kino pavasaris“ ფარგლებში ლიეტუვაში სოსო ბლიაძის ფილმის ჩვენება გაიმართა

ლიეტუვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის „Kino pavasaris“-ის ფარგლებში, 28 მარტს, გაიმართა ქართულ-ლიეტუვურ-გერმანული ერთობლივი ნამუშევრის, რეჟისორ სოსო ბლიაძის ფილმის – „ოთარის სიკვდილი“ ლიეტუვური პრემიერა. ფილმის ჩვენება შედგა ლიეტუვის შემოქმედებითი ჯგუფის “M-FILMS” ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით. ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა, ნატო კიპაროიძემ და ფილმის ლიეტუველმა პროდიუსერმა მარია რაზგუტემ.ღონისძიების გახსნით ნაწილში, სიტყვით გამომსვლელების მიერ დაფიქსირდა სოლიდარობა უკრაინის მიმართ. საქმეთა დროებით რწმუნებულმა აღნიშნა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. აღინიშნა, რომ უკრაინელი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის განსაკუთრებით ახლოს დგას ქართველი და ლიეტუველი ხალხისთვის, ვინაიდან, სწორედ თავისუფლებისთვის სწრაფვა და ერთიანი ღირებულებები უდევს საფუძვლად ქართულ-ლიეტუვურ მტკიცე კავშირს და მეგობრობას.
ფილმის დაწყებამდე, აუდიტორიას, ვიდეოჩართვით, ასევე მიმართა ფილმის რეჟისორმა, სოსო ბლიაძემ. 1 აპრილიდან ფილმი გავა ქალაქების ვილნიუსის, კაუნასისა და პანევეჟისის კინოთეატრებში, ხოლო გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი უკრაინაში ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გამოიყოფა.
ფილმის შესახებ: თექვსმეტი წლის ნიკა მანქანით მოხუც კაცს დაეჯახება. გარდაცვლილის ოჯახი თანახმაა არ იჩივლოს საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ. ნიკას დედამ  ეს  თანხა  ერთ დღეში უნდა შეაგროვოს. თუმცა მოულოდნელად დრამა ტრაგიკომიკურ ხასიათს იღებს.