იაპონიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

იაპონურმა ღვინის იმპორტიორმა კომპანიამ “Magmax corporation”, რომლის მფლობელია ჯოსეფ ბაჰრამი (Josef Bahrami), ერთ-ერთი იაპონური მსხვილი საცალო ვაჭრობის კომპანიისგან “Yodobashi”, ქართული ღვინოების გაყიდვის უფლება მოიპოვა. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს, საელჩოს ხელშეწყობით,  “Yodobashi”-ის ერთ-ერთ ფილიალში, ჯოსეფ ბაჰრამიმ საპრეზენტაციო ღონისძიება გამართა და ქართული ქვევრის ღვინოები წარმოადგინა, რომლებიც უკვე იყიდება “Yodobashi”ის მაღაზიებში და ასევე ონლაინ გაყიდვებითაც პოპულარობით სარგებლობს.
ღონისძიების ფარგლებში, ჯოსეფ ბაჰრამი, რომელსაც ქართული ჩოხა ეცვა, იაპონელ საზოგადოებას ქართული ღვინის ტრადიციებსა და თავისებურებებს აცნობდა,  ასევე ურიგებდა საელჩოს მიერ ნაჩუქარ საინფორმაციო ბუკლეტს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ.
“უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საელჩო, მაქსიმალურად უწყობს ხელს ქართულ და იაპონურ კომპანიებს იაპონიაში ქართული ღვინისა და პროდუქტის პოპულარიზებაში, რომელიც ქართულ-იაპონური ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.” – ნათქვამია იაპონიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.