თურქეთში, ქალაქ ჩარშამბაში ქართული კულტურის ასოციაცია დაარსდა

26 მარტს, თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა და ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე თურქეთის სამსუნის რეგიონში, ქალაქ ჩარშამბას ქართული კულტურის ასოციაციის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.

საქართველოს ელჩი, მიესალმა ჩარშამბას ქართული კულტურის ასოციაციის დაარსებას და მის მესვეურებს უსურვა წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ, საქართველო-თურქეთის მეგობრული ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების, თურქეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით. ელჩმა, მისასალმებელ სიტყვაში, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. ელჩმა, აგრეთვე, ისაუბრა იმ პროექტებსა და ინიციატივებზე, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, აგრეთვე, თურქეთის მასშტაბით მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები.

საქართველოს ელჩმა, თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა რეგიონში არსებული ქართული კულტურის საზოგადოებების მხარდაჭერისა და მათი აქტიური საქმიანობის ხელშეწყობისათვის.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით.