ნინო წიკლაურმა სლალომში ასპარეზობა 42-ე ადგილზე დაასრულა

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამთო მოთხილამურეთა შეჯიბრებაზე მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდა, ამჯერად – სლალომში. სტარტზე 88 მონაწილე წარდგა, შეჯიბრება კი მხოლოდ 50-მა მათგანმა დაასრულა. საქართველოს, ისევე როგორც გიგანტურ სლალომში, ნინო წიკლაური წარმოადგენდა.

28 წლის ქართველმა მოთხილამურემ პირველი დაშვებისას ტრასა 1.00,11 წუთში გაიარა და 47-ე შედეგი ჰქონდა. წიკლაურმა მეორე ცდას ცოტა მეტი – 1.00,37 მოანდომა, მაგრამ უკეთესი – 42-ე შედეგი აღმოაჩნდა. მას 42-ე საფეხური ერგო ორი დაშვების ჯამშიც (2.00,48). აღსანიშნავია, რომ წიკლაურს ვანკუვერის 2010 წლის თამაშებზე სლალომში 50-ე შედეგი ჰქონდა, სოჭის 2014 წლის თამაშები უშედეგოდ დაასრულა, პიონჩანგის 2018 წლის თამაშებზე კი 39-ე ადგილი ერგო.წიკლაურმა ორი დღით ადრე გიგანტურ სლალომში ორი დაშვების ჯამში (2.09,87) მისთვის საუკეთესო, 34-ე ადგილი დაიკავა.ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს მასპინძლობს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა)  9 სპორტსმენი ასპარეზობს.