პარიზის დიდი სლემი ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედლით დაასრულა

პარიზის დიდი სლემი დასრულდა. დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ტატო გრიგალაშვილმა  ვერცხლის მედალი მოიპოვა.

„81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გრიგალაშვილი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა, სადაც ფრანგი ტიზიე გნამიენი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ იპონით მოუგო კანადელ ფრანსუა დრაპეს, ნახევარფინალში კი ბელგიელ სამი ჩუჩის ვაზარით სძლია. გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელ სოტარო ფუჯივარასთან, მას შემდეგ, რაც მეტოქეებმა ერთმანეთს ვაზარი აართვეს, გრიგალაშვილი იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაასრულა პარიზული დიდი სლემი“, – ნათქვამია  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთი დღით ადრე პარიზში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) კი ბრინჯაოს მედლები აიღეს.