თურქეთის მარმარილოს რეგიონში ქართული ასოციაციების ფედერაცია შეიქმნება

თურქეთში ქალაქ ინეგოლში ,,ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ მმართველთა საბჭოს ყრილობა გაიმართა, რომელზეც მიღებული იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება:

 მარმარილოს რეგიონის 9 ქართული დიასპორული ორგანიზაციის თანამონაწილეობით, იქმნება თურქეთის მარმარილოს რეგიონში მოქმედი ქართული ასოციაციების ფედერაცია. აღნიშნული მოვლენა ემსახურება თურქეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი კოორდინირებული მოქმედების კიდევ უფრო გააქტიურებას.

ამასთან, ყრილობაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ომერ ფარუქ დემირთაშმა დატოვა ,,ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ თავმჯდომარის პოსტი და დასახელდა ფედერაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ერთ-ერთ კანდიდატად, ხოლო ასოციაციის ახალ თავმჯდომარედ, არჩეულ იქნა მენნან ფორთაქალი.

გარდა ამისა, ცვლილება შევიდა საზოგადოების სახელწოდებაში, დაემატა სიტყვა ,,ქართული” და ამჟამად, ასოციაციის ოფიციალური დასახელებაა: ,,ინეგოლის კავკასიური და ქართული ფოლკლორისა და კულტურის ასოციაცია (İnegöl Kafkas Gürcü Folklor ve Kültür Derneği)“.

ღონისძიებას ესწრებოდა თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა, მან სიტყით გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, ასოციაციის წინა და ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ, ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.