ქართველი ფსიქოლოგი ვენაში, რომელიც ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის და ექსკლუზიურ აქსესუარებს ქმნის

ნინო ქარელი წლებია ავსტრიაში ცხოვრობს. პროფესიით ფსიქოლოგია, მაგისტრის ხარისხით და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობს.

ძირითადი პროფესიის გარდა, მეორე საყვარელი საქმისთვისაც იცლის, ხატავს და ექსკლუზიურ ხელნაკეთ ნამუშევრებსაც ქმნის: ქალის აქსესუარებით დაწყებული, ძველი ნივთების ახალი სიცოცხლით დასრულებული. მის ხელში ერთი შეხედვით გამოუსადეგარი და გადასაგდებად განწირული ნივთები თავიდან ცოცხლდებიან. ნინო ხშირად მონაწილეობს გამოფენებში და საკუთარ შემოქმედებას ქართველ და უცხოელ მნახველს სიამოვნებით აცნობს.

,,ეს არის ჩემი სულიერი სამყარო, რომელიც მაბედნიერებს და მავსებს. როდესაც სამსახურიდან სახლში დაღლილი და უენერგიო ვბრუნდები, საკუთარ სივრცეში განმარტოება, ფუნჯის მოსმა და ახლის შექმნის სურვილი, ემოციების გარდასახვაში მეხმარება. როგორც საკუთარი შვილი, ჩემი ნაწილი, ისევეა ჩემთვის ყველა ის ნივთი, რასაც ვქმნი. როდესაც გამოფენებზე სრულიად უცხო ადამიანები მოდიან და დადებითად აფასებენ მათ, ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი.

წინ უამრავი საინტერესო გეგმა მაქვს… მიუდავად იმისა, რომ მეუღლე უცხოელია,  ჩემს სამშობლოზე შეყვარებულია და ჩვენი სამომავლო მიზნები, საქართველოში დაბრუნებას და დაფუძნებას ემსახურება,– ამბობს ინტერვიუში ნინო.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"