ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კოლხური ბზის დაკალმების კამპანია იწყება

14, 15 და 16 აგვისტოს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, კომპანია Green4Georgia-ს ორგანიზებით, კოლხური ბზის დაკალმების კამპანია იწყება. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს თითოეულ მოსახლეს ბზის გადარჩენაში წვლილის შეტანა, მისი დაკალმება და გაზრდაში მონაწილეობის მიღება შეუძლია.

დაავადებით გამოწვეული მასობრივი ხმობის გამო, კოლხური ბზა 2013 წლიდან IUCN-ის წითელ ნუსხაშია შეტანილი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ქალაქ ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის, კოლხური ფლორის დენდრარიუმისა და სანერგე მეურნეობის შექმნა.

Green4Georgia არასამეწარმეო, არაკომერციული, საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ადგილობრივი და ენდემური ჯიშების პოპულარიზაცია, ხეების დარგვა, ტყის გაშენება და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გარემოს დაცვა, ეკოლოგიის პოპულარიზაცია და ამ მიზნებისთვის სოციალური, საქველმოქმედო და კულტურული საქმიანობის განხორციელება Green4Georgia-სათვის პრიორიტეტული და ყველაზე მნიშვნელოვანია.

ყოველწლიურად დაგეგმილია ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების ეკოგანათლების, გარემოს, ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ.

„ჩვენი გარემოს გამწვანებასა და გაჯანსაღებაში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ხეების დარგვითა და დონაციით წვლილის შეტანა. თქვენ მიერ დარგულ ყველა ხეს აქვს უნიკალური კოდი, რომელშიც შეყვანილია დარგვის ადგილის კოორდინატები. ყოველთვის შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენი ხეები და დააკვირდეთ მათი ზრდის პროცესს. ჩვენ დედამიწელები ვართ, შესაბამისად, თავს ვალდებულად ვთვლით, მასზე ვიზრუნოთ, მოვუაროთ და უფრო მეტად გავამწვანოთ,“ – აღნიშნავენ კომპანიაში.