ბარსელონაში ქართული კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა 

2021 წლის 4 მაისს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში გაიმართა ქართული კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენის საზეიმო გახსნის ცერემონია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბარსელონას ,,წმიდა ნინოს” სახელობის სამრევლოსთანარსებული,,წმიდა ანთიმოზ ივერიელის” საკვირაო სკოლის „ქართული კალიგრაფიის წრის” აღსაზრდელების და ასევე ავსტრიისა და საფრანგეთის ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნამუშევრები.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ბარსელონას „წმიდა ნინოს სახელობის“ ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი, ,,წმიდა ნინოს” სახელობის სამრევლოსთან არსებული ,,წმიდა ანთიმოზ ივერიელის” სახელობის ქართული საკვირაო სკოლის პედაგოგები – მარინე წიქორაძე, ეკატერინე სიხარულიძე, მაია გუბელაძე, ირმა სიხარულიძე, ნანა მახარობლიშვილი, ნათია კანდელაკი, “ქართული კალიგრაფიის წრის” აღსაზრდელები, მათი მშობლები და მოწვეული სტუმრები. გამოფენა მუსიკალურად გააფორმა  პატარა მევიოლინე ანა ბურდულმა და ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა “Georgian Folk”. საღამოზე შესრულდა გია ყანჩელის ნაწარმოები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ ქ.ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში (მისამართი : PASEO DE GRACIA # 7, 3 derecha, 08007, Barcelona).