“წერილები გზიდან… ერთხელ” – ლელა ლაჩაშვილი

კონკურსისათვის „წერილები გზიდან“ – „ერთხელ“ იუმორისტული ჩანახატების მიღება 20 მარტს დასრულდა, რის შემდეგაც “ქართული კვირის” რედაქციაში საუკეთესო ჩანახატები შეირჩა. კონკურსის მომდევნო ეტაპზე კი  3 გამარჯვებული გამოვლინდება, რომელთაგან ერთს თქვენ, “ქართული კვირის” მკითხველები შეარჩევთ, ხოლო ორს – კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ ბინის შეძენისას 15 000-ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი და ეროვნული ბიბლიოთეკისგან წიგნები გადაეცემა.

მეოთხე ჩანახატი – “წერილები გზიდან… ერთხელ” – ლელა ლაჩაშვილი.

„ემიგრანტული კურიოზი ანუ როგორ გაესინჯა ქ-ნი ნათელა სკაიპით მამოლოგს…

აი, ასე მოხდა ეს ამბავი: ქალბატონი ნათელა სანდომიანი, სასიამოვნო, ოდნავ მიამიტი და ცოტა არ იყოს მიმნდობი ადამიანია… ხო, სახელი შეცვლილია, მიზეზს კითხვას რომ ჩაამთავრებთ მერე მიხვდებით. (დავუშვათ საბერძნეთში, ან ესპანეთში მცხოვრები)

ერთ ჩვეულებრივ საღამოს ქალბატონ ნათელას თავის მართლება მოუწია იმ ოჯახში, სადაც მუშაობდა მოხუცის მომვლელად და დიდი მცდელობისა და მეცადინეობის შემდეგ, ძლივს გაგებინა  “ბებოს”,  რომ ინტერნეტი და კომპიუტერი მისთვის გართობის კი არა, კომუნიკაციის საშუალება იყო და ასე იკლავდა ახლობლების მონატრების ჟინს ყველა ემიგრანტი. მას ოჯახის ერთ – ერთი წევრიც გამოექომაგა და როგორც იქნა დაარწმუნეს მოხუცი, რომელიც მისთვის განკუთვნილი დროის გაურკვეველი დანიშნულებისამებრ მოხმარებას აპროტესტებდა. ამასობაში დაღამდა კიდეც, ქალბატონმა ნათელამ დააძინა მოხუცი და მაშინვე თავისი ოთახისკენ გასწია, სადაც ლეპტოპი ეგულებოდა.

ხელების ფშვნეტით, მუხლმორჭმული დაჯდა საწოლზე და სკაიპის ცისფერმა ჩარჩომაც არ დააყოვნა, უმალვე ამოხტა მონიტორზე. ცოტაც და მესიჯის წკარუნი გაისმა:

– გამარჯობა საყვარელო, როგორ ხარ?- კითხულობს ვიღაც შორეული მეგობრის მეგობარი, პასუხი არ დაუგვიანა (მაინც არ ქონდა სხვა საქმე და….) მოკითხვა დამთავრდა და ყვავი ჩხიკვის მამიდა პირდაპირ საქმეზე გადავიდა:

– გოგო ერთი ახლობელი მყავს, მოსკოვში მაგარ კლინიკაში მუშაობს, მამოლოგია არ გინდა დაიმატე აქ და სკაიპში გაგსინჯავს?

ქალბატონ ნათელას სიხარულის კივილი აღმოხდა ყელიდან.”რა კარგია, ფულიც დამეზოგება და დროც ექიმთან ვიზიტისთვის” გაიფიქრა და ეგრევე თანხმობის მესიჯი აფრინა.

– კაი გოგო აბა, წევედი მე, აბაზანაში ვარ შესასვლელი და მიხედეთ თქვენ საქმეს, არაფრის მოგერიდოს გააკეთე რაც გითხრას – იყო იქიდან პასუხი.

ამის თქმა, მისი გასვლა სკაიპიდან და მამოლოგმაც არ დააყოვნა…

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შედგა მათი სკაიპ კონსულტაცია, გასინჯვა, თუ რაც გინდათ დაარქვით, მე მხოლოდ რამდენიმე დეტალს აღგიწერთ ამ სიტუაციიდან.

ხო, პირველი ის შესჩივლა ქალბატონმა ნათელამ, რომ სკაიპში ვერ დაელაპარაკებოდა, რადგან გვიანი იყო(თავი დაიზღვია, იმდღევანდელი საუბრის მერე ურთიერთობის დაძაბვას მოერიდა ოჯახთან). ექიმმა მაშინვე დაამშვიდა, სულაც არ არის ეს აუცილებელი, მთავარია ტანზე გაიხადო და იმ პოზაში დადგე რომელსაც გეტყვიო.

ახლა, თავს აღარ შეგაწყენთ იმით, თუ რა განცდები ჰქონდა ნათელას, ან როგორ ჩქარობდა დროზე გასინჯვოდა ექიმს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ქალბატონი.

ზაფხული იყო და სარაფანი ეცვა, მხოლოდ წელსზევით გახდა არ მოხერხდა, ამიტომ მთლად დედიშობილას არა, მარა საცვლის ამარა მოუწია სკაიპის კამერის წინ პოზირება. გულდაგულ ცდილობდა ზუსტად ის პოზა მიეღო, რასაც ექიმი სთხოვდა იქიდან. (ალბთ გახსოვთ რომ ხმის ჩართვა შეუძლებელი იყო) მესიჯი რომ ამოეკითხა და თვითონაც ეპასუხა, იძულებული ხდებოდა დრო და დრო დაეტოვებინა სცენა (პირობითად ასე დავარქვათ), მისულიყო საწოლზე მოთავსებულ ლეპტოპთან და საკმაოდ ცუდ პოზაში, წაკუზულს მიეწერა პასუხი, ამ დროს ფუმფულა მკერდი ლეპტოპის კლავიატურაზე ისე ელაგა შეუძლებელი იყო რამე დაეწერა ადამიანს, მაგრამ თუ გული გულობსო ხომ გაგიგიათ და ამასაც მშვენივრად გაართვა თავი…

ყველაფერი კარგად რომ იყო და ვერაფერში ეჭვს ვერ შეიტანდა კაცი, აი მაშინ აირია მონასტერი. ეს ერთმა უბრალო წინადადებამ განაპირობა, ექიმი ქვედა საცვალის გახადას და საშვილოსნოს დათვალიერებას ითხოვდა… აქ ცოტა არ იყოს დასცხა პაციენტს და წამოახურა. მგონი “გავები” – პირველად გაუჩნდა თავში ეს აზრი. სასწრაფოდ დაემშვიდობა ექიმს და სხვა დროისთვის გადაუდო შეხვედრა… შემდეგ რაც გაირკვა იმაზე კი ვფიქრობ ერთად უნდა ვიცინოთ მკითხველო, მეგობრის მეგობარმა რამდენიმე დღის მერე მოწერა, რომ სკაიპი გაუტეხეს და მისი სახელით მეგობრებს სისულელეებს სწერდნენ და ფრთხილად ყოფილიყო…  ვიცით გაფრთხილებული შეიარაღებულიაო,  მაგრამ ახლა რაღადროს!

კიდევ კარგი ბებომ კომპიუტერის წინ დედიშობილა მორბენალი რომ არ დამინახაო თავს იმშვიდებდა, ხო და მართლაც, მერე როგორღა დააჯერებდა რა დანიშნულება ქონდა კომპიუტერს ზოგადად, ან კონკრეტულად ემიგრანტებისთვის…

ლელა ლაჩაშვილი“