თურქეთში მკურნალობის მიზნით წასვლის მსურველებს მიზნობრივი ვიზის აღება აღარ ესაჭიროებათ 

თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიზნობრივი ვიზის აღების ვალდებულებასთან დაკავშირებით. საქართველოს მოქალაქეებსა და თანმხლებ პირებს მკურნალობის მიზნით თურქეთში შემოსასვლელად აღარ ესაჭიროებათ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზის აღება.

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, შედგა საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია თურქეთის შესაბამის უწყებებთან და საქართველოში თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოსთან გრძელდება უვიზო რეჟიმი და უკვე მოქმედი რეგულაციები:

პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა უნდა მიმართონ თურქეთის შესაბამის კლინიკას, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით;

პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის თურქულ კლინიკასთან ერთად უნდა გაიაროს რეგისტრაცია თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -“USHAŞ” მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე: https://covid19st.ushas.com.tr/ და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია;

-ნებართვის მიღების შემდეგ, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის კლინიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების საკითხი. ამასთან, პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ 2 თანმხლები პირი.