“სიკვდილს უყურებს ხალხი თვალებში, უნამუსობაა წუწუნი, რომ ქმრებს მანქანაში გვერდით ვერ უჯდებით…”

ნიუ – იორკში მცხოვრებმა შორენა გოგოლაძემ რამდენიმე საათის წინ, თავის ფეისბუქ გვერდზე, ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ორ კვირაზე მეტია ჩემს ქუჩაზე მხოლოდ სასწრაფოს ხმა ისმის. თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, შემდეგ, როცა ძალიან შემაწუხებელი გახდა, ყურსასმენები გავიკეთე და რა დრომდეც შესაძლებელია, ვუსმენ მუსიკას. იმიტომ, რომ ახლა სასწრაფო დახმარების მანქანის ხმას სხვა დატვირთვა აქვს, გაცილებით მძიმე. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადის ნიუ – იორკიდან, ზოგი ფინანსური პრობლემის გამო, ზოგი სამსახურის და ა.შ.  მათ შორის ვარ მეც.

მყავს მოხუცი, რომელიც რამდენჯერმე გამოვგლიჯე სიკვდილს ხელიდან. რომელსაც ჩემ გარდა არავინ ჰყავს, არც შვილი, არც დედმამიშვილი, არც ახლო ნათესავი (ჰყავს მხოლოდ მეურვე ქალი, ისიც მარტოხელა). მას სამი წელია ვუვლი და იმდენად მიყვარს, რომ ორმაგ ხელფასზე სამჯერ ვთქვი უარი. რომელიც, მხოლოდ ორი დღე დავტოვე და ისეთ დღეში დამახვედრეს, 6 თვე ჰოსპიტალში თავთან ვეჯექი.

რამდენიმე დღის წინ იუთუბზე ვუყურე როგორ შემეცვალა მისთვის კათეტერი და ერთი, ძალიან კარგი ექიმის წყალობით, რომელიც ონლაინ მეხმარებოდა, შევცვალე, იმიტომ რომ იმ ექიმს, რომელიც მანამდე მოდიოდა კორონავირუსი აღმოაჩნდა და ვერ მოვიდოდა. ახლა, მითუმეტეს, არ ვაპირებ მივატოვო და სადმე, უფრო მყუდრო შტატში წავიდე იმიტომ, რომ მე ვიყო უსაფრთხოდ.

ასეა აქ ძალიან ბევრი, მცირეწლოვანი შვილებით, უმუშევრად დარჩენილები. იმ დღეს მეგობარმა მითხრა, მაღაზიაში სირბილით წავედი, ბავშვები დედამთილს დავუტოვეო. დედამთილი საქართველოშია. ჩართული ვიდეო თვალით დაუტოვა 7 და 1 წლის შვილი. სიკვდილს უყურებს ხალხი თვალებში, რადგან რაც არ უნდა დაგემართოს, უნდა იჯდე სახლში. თუ იხრჩობი მხოლოდ მაშინ უნდა დარეკო 911 ზე.

ხოდა, ძალიან უნამუსობაა წუწუნი იმაზე, რომ ქმრებს მანქანაში გვერდით ვერ უჯდებით. ის რომ ოჯახში ოთხი ხართ და მანქანაში სამი ადამიანი უნდა ჩაჯდეს. გეუბნებიან, ერთი გადით სახლიდან, ისიც აუცილებლობის შემთხვევაშიო და ზოგმა ოთხი ვართ და რანაირად გავნაწილდეთო… სირცხვილია… მართლა…“