ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის XX საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატების სია გამოაქვეყნა
თბილისის XX საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც დედაქალაქში 1-8 დეკემბერს გაიმართა, დასრულდა და ეროვნულმა კინოცენტრმა ლაურეატების სია გამოაქვეყნა.
„საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის“ ნომინაციაში დიმიტრი ცინცაძის ფილმმა „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ გაიმარჯვა, ხოლო რეჟისორმა მარი გულბიანმა ჯილდო „საუკეთესო დოკუმენტური ფილმის“ კატეგორიაში მოიპოვა ფილმისათვის „სანამ მამა დაბრუნდება”.
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა რეჟისორებმა უტა ბერაიამ ფილმისათვის „უარყოფითი რიცხვები“ და გიორგი მრევლიშვილმა ფილმისთვის „თორმეტი გაკვეთილი“ დაიმსახურეს.
„საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის“ ჯილდო გიორგი სიხარულიძემ მიიღო ფილმისთვის „მამული”.
ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ანტონ გრიმოვსა და ალიშერ ხამიდხოჯაევს გადაეცათ დიმიტრი მამულიას ფილმისთვის „ბოროტმოქმედი”.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში“ უტა ბერიას გადაეცა ფილმისთვის „უარყოფითი რიცხვები”.
საპატიო პრომეთე მექსიკელ კინორეჟისორს კარლოს რეიგადასს და ქართველ რეჟისორს ირაკლი კვირიკაძეს გადაეცათ.
ეროვნული კინოცენტრის კონკურსის „წერე ქართულ კინოზე” გამარჯვებულები არიან: გიორგი ჯავახიშვილი (I ადგილი), ლევან აბდუშელიშვილი (II ადგილი) და ზაზა ცანკაშვილი (III ადგილი).
კონკურსს აფასებდა საერთაშორისო ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ულრიხ და ერიკა გრეგორები, პაბლო დე ვიტა, ნიკოლა სელი და ჰეიზერ სტიუარტი.
მაყურებლებმა ფესტივალზე ასამდე ფილმი იხილა.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე მეოცედ ჩატარდა კინოხელოვნების ცენტრის „პრომეთე“, საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და თბილისის მერიის მხარდაჭერით.