„მე-M-ორი” ანუ მაია გიორგაძის ალტერ ეგოს მორიგი სიურპრიზი
ცხოვრების ყველა ეტაპზე საკუთარი თავი სხვადასხვა სიურპრიზს სთავაზობდა. ზოგ შემთხვევაში, თვითგამოხატვის ფორმას სპონტანურად აგნებდა. ზოგჯერ კი, ეს საქმიანობიდან გამომდინარე, გააზრებული და ლოგიკური შედეგი იყო. სწორედ, საკუთარ თავში სიახლეების აღმოჩენის გამოცდილებამ მიიყვანა იქამდე, რომ სურვილი გაუჩნდა თავისი გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინა. საამისოდ, ლიტერატურული ენა შეარჩია და სათქმელს მხატვრული ფორმა მოარგო.
საუბარია ორი მონოგრაფიის, დამხმარე სახელმძღვანელოებისა და არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორსა და პედაგოგ მაია გიორგაძეზე. სულ ახლახან, მისი ორიგინალური მხატვრული წიგნის „მე-M-ორი“ პრეზენტაცია გაიმართა. თუ როგორ მივიდა ლინგვისტი, ინგლისური ენის სპეციალისტი და ფერმწერი მწერლობამდე – ამას საუბრიდან შევიტყობთ.
– მაია, თავიდანვე გკითხავთ: როგორ გაჩნდა ამ წიგნის დაწერის იდეა, მწერლობამდე როგორ მიხვედით?
– ვფიქრობ, სიტყვა „მწერლობა“ ჩემთვის ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ამ გადაწყვეტილებამდე თავად ცხოვრებამ მიმიყვანა. როდესაც წარსულის ფრაგმენტებს ვიხსენებდი, ხშირად მიჩნდებოდა შეგრძნება, რომ ეს ჩემი რეალური ცხოვრება კი არა, წიგნის სიუჟეტი ან ფილმის კადრები იყო. ზოგჯერ თავადაც მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ამდენი რამ გადამხდა.
– რთული იყო სამეცნიერო აკადემიური სტილიდან მხატვრულზე გადართვა?
– თუმცა იდეა დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, მთავარი ბარიერი ფორმა იყო. არ ვიცოდი, აკადემიური სტილიდან მხატვრულზე გადართვას რამდენად შევძლებდი. რაც თავისთავად სულ სხვა დისციპლინასა და სტრუქტურას მოითხოვს. მხატვრული ტექსტი სხვა სამყაროა, სხვა თავისუფლება. ვფიქრობ, ეს ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა.
– ერთი პერიოდი სიტყვების თამაშს მეცნიერულ ენაზე იკვლევდით და ალბათ ამის შედეგია წიგნის საინტერესო, ორიგინალური და ორაზროვანი სახელწოდება -“მე M ორი”… შეიძლება თუ არა, რომ ეს ისე აღვიქვათ, როგორც ალტერ ეგოს მოგონებები?
– დიახ, ზუსტად შენიშნეთ… ჩემი სამეცნიერო ინტერესი სიტყვათა თამაშის მიმართ ამ შემთხვევაში შემოქმედებით ინსტრუმენტად იქცა. სათაური „მე-M -ორი“ ერთგვარი კოდია, რომელშიც ჩემი ორსახელიანობა, ალტერ ეგო და ენობრივი ექსპერიმენტი ერთიანდება. ეს არის ორენოვანი და ორაზროვანი თამაში, რომელიც მკითხველს თავიდანვე მიანიშნებს იმაზე, რომ წიგნში მხოლოდ ერთხაზოვან თხრობას არ უნდა ელოდოს. ავტორი და მისი „მეორე მე“ ერთმანეთს სარკისებურად ავსებენ.
– წიგნის მთავარ მესიჯს როგორ გამოხატავთ?
– ეს არის ამბავი საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენისა და იმ შინაგანი სიძლიერის ძიებაზე, რომელიც ადამიანს იმაში ეხმარება, რომ პროფესიული თუ პირადი იმედგაცრუებების ფონზე, ცხოვრებისეული „კოდები“ გაშიფროს და სირთულეები ახალ შესაძლებლობებად აქციოს.
– ვიცი, რომ დღემდე იღებთ აღფრთოვანებული მკითხველის გზავნილებს. როგორ ფიქრობთ, ზუსტად გაიგეს თქვენი წიგნი?
– სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ იმით, რომ მკითხველმა არა მხოლოდ ზუსტად აღიქვა წიგნის მთავარი სათქმელი, არამედ სტრიქონებს შორის ისეთი ემოციები და ქვეტექსტებიც ამოიკითხა, რომლებზეც ღიად არ მიმითითებია. აღმოჩნდა, რომ მართას განცდები ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი და ახლობელია. ყველაზე ძვირფასი კი ისაა, რომ მათ წიგნში საკუთარი თავი, საკუთარი „ალტერ ეგო“ დაინახეს და ის იმედი იპოვეს, რომლის გაზიარებაც ჩემი, როგორც ავტორის, მთავარი მიზანი იყო.
– წიგნის პრეზენტაციას სიურპრიზის გარეშე არ ჩაუვლია…
– თავიდან გეტყვით, რომ პრეზენტაციისთვის შევარჩიე ერთი პატარა, მყუდრო, ვინტაჟური სივრცე, სადაც საოცრად თბილი და მეგობრული გარემო დაგვხვდა. რაც შეეხება სიურპრიზს, სიმართლე გითხრათ, მოლოდინს გადააჭარბა იმ ფაქტმა, რომ მეგობრების გარდა, უამრავი ჩემთვის უცხო ადამიანიც მოვიდა. შეიქმნა ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი ატმოსფერო, რომელიც გაჯერებული იყო გულწრფელი საუბრებით. ეს საღამო ჩემთვის სწორედ ამ უშუალობამ გახადა დაუვიწყარი.
– მკითხველს შევახსენებ, რომ თქვენ საინტერესო მხატვარიც ხართ…
– ჩემი, როგორც მხატვრის, დაბადება სულ რაღაც სამი წლის წინ, სრულიად მოულოდნელი და სპონტანური ნაბიჯით დაიწყო. არანაირი წინაპირობა ან ბავშვობის გატაცება, ხატვა ჩემს ცხოვრებაში დაუპატიჟებელი, მაგრამ ყველაზე სასურველი სტუმარივით შემოვიდა. ალბათ, დადგა დრო, როცა სათქმელის გამოსახატავად სიტყვების გარდა სხვა ენაც დამჭირდა. ამას ღვთის საჩუქრად მივიჩნევ, რომელიც მაშინ მებოძა, როცა ჩემი სული ახალ ფორმებსა და ფერადოვან თვითგამოხატვას ითხოვდა. სწორედ ამ უეცარმა გარდასახვამ აავსო ჩემი ყოველდღიურობა სრულიად ახალი, მანათობელი ენერგიით.
– ლინგვისტიკა, ფერწერა, მწერლობა– მომავალში კიდევ რა სიურპრიზს უნდა ელოდოს თქვენი თაყვანისმცემელი?
– ამ ეტაპზე წერამ და „ფერ-წერამ“ ამიტანა. ჩემთვისაც დიდი და სასიამოვნო გამოცანაა, რა იქნება შემდეგი. როდესაც შემოქმედებითი ენერგია ასე მოულოდნელად იღვიძებს, წინასწარ რაიმეს განსაზღვრა რთულია. მეც ინტერესით ველოდები, კიდევ რა ახალ გზას გამიხსნის შინაგანი ძიების პროცესი. მთავარია, რომ ეს გზა ყოველთვის გულწრფელი და სიახლეებით სავსე იყოს. არ ვიცი, ალბათ ავმღერდები…
თეონა გოგნიაშვილი