ამერიკაში ლევან შენგელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი ჩატარდა
„ყოველთვის ვგრძნობ ჩემი ხალხის ძლიერ მხარდაჭერას და სითბოს, რომელიც ჩემთვის ყველაფერია.” – ეს სიტყვები გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მითხრა ამერიკაში მოღვაწე, ნიჭიერმა პიანისტმა და მუსიკოსმა, ლევან შენგელიამ.
კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტზე სწავლის დროს მის ლექტორებს შორის ორი ისეთი ბუმბერაზი მეტრი აღმოჩნდა, როგორებიც ოთარ თაქთაქიშვილი და ბიძინა კვერნაძე იყვნენ. სწორედ მაშინ ერთმა მოულოდნელმა შეხვედრამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. 1991 წელს, თბილისში ამერიკელი კომპოზიტორები ჩამოვიდნენ. მათ შორის ჯულიან ლენონი, ჯონ ლენონის შვილიც იყო. იმ ხანად სტუდენტი ლევან შენგელია მას დაუახლოვდა. ისე მოხდა, რომ ამერიკაში დაბრუნებულმა ჯულიან ლენონმა მას მეგობრების მისამართები გამოუგზავნა და თხოვა, რომ ქართველ სტუდენტს მათთვის საკუთარი აუდიოჩანაწერები გაეგზავნა. ამის მერე, ზუსტად14 მოწვევა მიიღო, რის შემდეგაც University of Hartford აირჩია.
ყველაფერ ქართულთან სულიერ კავშირს სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა, ალბათ ამიტომაც უწოდეს მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს „ჩემი საქართველო აქ არის“. ხსოვნა ყველაზე ადამიანური და კეთილშობილური გრძნობაა, ეს კარგად იციან ოკეანის მიღმა მცხოვრებმა ქართველებმა, მათ, ვინც პირველ მარტს, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ტრაიბეკას ცნობილ თეატრში მონაწილეობა მიიღეს ქართული სიმღერის ფესტივალში, რომლის ორგანიზატორები ლიკა და ვიქტორ სირელსონები არიან.
ფესტივალზე ამბების მოსათხრობად ამერიკაში ლიკა სილერსონს და ცუცა კაპანაძეს დავუკავშირდით.
– ქალბატონო ლიკა, როგორც ვიცი, ინიციატივა, რომ ლევან შენგელიას სახელობის ფესტივალი ჩაგეტარებინათ, თქვენგან წამოვიდა…
– მართალია, ბატონ ლევანს როგორც შესანიშნავ ხელოვანს დიდ პატივს ვცემდი. ჩვენს კომპანიასთან ერთად ჩატარებული ღონისძიების მერე, ის მუსიკალური თეატრის ვოკალურ ჯგუფთან, რომლის ხელმძღვანელიც ბატონი თენგიზ შაუთიძეა, შემოქმედებითი შეხვედრების მთელ ციკლს გეგმავდა. სამწუხაროდ მისი ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისი ხსოვნისთვის „ტრაიბეკას ფესტივალი“ მიგვეძღვნა. მას ბატონ ლევან შენგელიას მეუღლე, ქალბატონი თამუნა ცოტაძეც დაესწრო. მიხარია, რომ ჩვენს მიერ ამერიკაში დაარსებული ქართული კულტურის ცენტრი უკვე 29 წელია ქართულ კულტურასა და ტრადიციებს ემსახურება. ეს ფესტივალიც სწორედ იმ ტრადიციების გაგრძელებაა.
– როგორ ჩაიარა ფესტივალმა და ვინ მიიღო მასში მონაწილეობა?
– ფესტივალმა საოცარ გარემოში ჩაიარა, მასში მონაწილეობა მიიღეს: შესანიშნავმა მუსიკოსმა, ლევან შენგელიას უახლოესმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლი შარაძემ, წარმატებულმა მუსიკალურმა სკოლებმა, ანსამბლებმა, ასევე მოწვეული იყო აქ მოღვაწე, წარმატებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლეგენდები”. ფესტივალის მონაწილეებს შორის იყვნენ: პაატა ცეცხლაძის ჯგუფი „ზეკარი“, ორგანიზაცია CEF -ის დამაარსებელი, საოპერო ტენორი ბექა გოგინაშვილი, ვოკალური კვარტეტი მზია ბეკურაშვილის, მანანა ჩიტაურის, ეკა ჩიჩუასა და თენგიზ შაუთიძის მონაწილეობით, ასევე თამთა ნამიჩეიშვილისა და ზვიად ბილანიშვილის დუეტი. ასევე ამერიკაში მცხოვრებმა სხვა ხელოვანებმა, ვისთვისაც ბატონი ლევანის შემოქმედება ძვირფასია. თამამად ვიტყვი, რომ ეს იყო ქართული ხელოვნების ნამდვილი ზეიმი.
ფესტივალი ნიკა საბიაშვილსა და ცუცა კაპანაძეს მიჰყავდა.
– ცუცა, ფესტივალზე ალბათ მისი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ამბებიც გაიხსენეთ…
– მიხარია, რომ პატივი მერგო ასეთი ხელოვანისადმი მიძღვნილი ფესტივალის წამყვანი ვყოფილიყავი. რაც შეეხება ამბებს კომპოზიტორის ცხოვრებიდან, გავიხსენებ ისეთ ფაქტს, როგორიც ლევან შენგელიას მიერ მსოფლიო ბენდის ჩამოყალიბება იყო. მას შემდეგ, რაც ის საცხოვრებლად მაიამიში გადავიდა, მთელი მსოფლიოდან მოიწვია ცნობილი მუსიკოსები და შეკრა ულამაზესი ბენდი, სადაც ცხრა ბედნიერი წელი მოღვაწეობდა.
– გამორჩეული იყო მისი ქართული პროექტებიც…
– დიახ, ის არა ერთი მნიშვნელოვანი ქართული პროექტის ავტორი იყო. მათ შორისაა, პროექტი „მიძღვნა გენიოსებს“, რომელიც საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში დაიწყო. ამას მოჰყვა ნიკო ნიკოლაძის, ოტია იოსელიანის, რევაზ ლაღიძის, პაოლო იაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოები. რაც მთავარია, ლევან შენგელია ამერიკაში თავისი საქმიანობით ემიგრაციაში მყოფ ბავშვებს ქართულ კულტურას აცნობდა და აყვარებდა. ვთვლით, რომ ამ ფესტივალის ჩატარებით მის ხსოვნას ღირსეული პატივი მივაგეთ.
თეონა გოგნიაშვილი