კანის საერთაშორისო კინოფესტივალში საქართველო ეროვნული პავილიონით მონაწილეობს

14-25 მაისს ქ. კანში იმართება 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელზედაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პავილიონი გაიხსნა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარდგენილი საქართველოს პავილიონი წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინო გადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.

ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით კინოცენტრის დელეგაციაში მონაწილეობს არაერთი ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე, ქვეყნის კინოწარმოების განსავითარებლად. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვნების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას. კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას.

ქართულ და ევროპულ კინოს, ათწლეულებია, მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების წარმოსაჩენად იმყოფება წლევანდელ კანის კინოფესტივალზე საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლობითი დელეგაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები