უცნობი ფოტოგრაფის გამოფენა – „ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან”
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, ევროპის ყველაზე მასშტაბური ლიბერალური ღონისძიების LibertyCon Europe 2024-ის ფარგლებში, 21 აპრილს, Love bar-ში გიწვევთ გამოფენაზე „ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან”.
„2022 წელს, ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდ დიდ შავ ჩემოდანში, ფართო ფორმატის 500-მდე მინის ნეგატივი იყო ჩალაგებული. დიგიტალიზაციის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, უცნობი ფოტოგრაფის არქივმა ახალი, უნიკალური პერსპექტივით დაგვანახვა 1930-იანი წლების თბილისი და საქართველოს სხვადასხვა მხარე.
ქუჩის სცენების, ქალაქის ხედების, საბჭოური დემონსტრაციების, პორტრეტების, საოჯახო სიტუაციების, სამუშაო გარემოს, კურორტების, სოფლური ყოფის, სპორტული სანახაობების მიღმა, ერთი შეხედვით აქტიური, ენერგიული, მხიარული, უპრეტენზიო და კეთილგანწყობილი ადამიანების ერთ კადრად გაყინულ ცხოვრებისეულ მომენტებში, მაინც იგრძნობა ტოტალიტარიზმის სუნთქვა – კედლებიდან სტალინის კუშტი სახე შემოგვცქერის, დიდი და საშუალო რანგის ბელადები ქუჩებში პლაკატებად გამოფენილან, ფორმიანი მამაკაცების რომბებიანი საყელოები გაკრთებიან ხოლმე კადრში… 1920-1930-იანი წლების უწყვეტი პოლიტიკური ტერორის, შიმშილისა და დეფიციტის შემსწრე და გადარჩენილი მოქალაქეების სახეები დროის ამ ანაბეჭდს ინახავენ და ფოტოგრაფთან ერთად მიექანებიან 1930-იანი წლების ბოლოს, არნახული კატასტროფის – დიდი საბჭოური ტერორისკენ. შესაბამისად, დამოუკიდებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფის ხედვის მქონე უცნობის ეს ფოტომემკვიდრეობა, მომავლისათვის განკუთვნილ გზავნილადაც შეგვიძლია დავინახოთ….“, – ნათქვამია გამოფენის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის კურატორია გურამ წიბახაშვილი.