ინფორმაცია საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს საბერძნეთში მყოფი არალეგალი ემიგრანტებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით.

“ძვირფასო თანამემამულენო, როგორც თქვენთვის ცნობილია, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს საბერძნეთსა და საქართველოს შორის ცირკულარული მიგრაციის ხელშეკრულებაზე. აღნიშნული მნიშვნელოვანია საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების უკანონო მიგრაციის შესამცირებლად.

გასათვალისწინებელია, რომ ხსენებული ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს უფლება ექნებათ ლეგალურად დასაქმდნენ საბერძნეთის ტერიტორიაზე წელიწადში 9 თვის განმავლობაში და ამ პერიოდში განაცხადი გააკეთონ საბერძნეთში ბინადრობის 5 წლიან ნებართვაზე.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს, საბერძნეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საბერძნეთის შრომისა და სოციალური დაზღვევის მინისტრმა ადონის გეორგიადისმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საბერძნეთსა და საქართველოს შორის აღნიშნული ხელშეკრულების უახლოეს მომავალში ხელმოწერის საკითხზე.

საქართველოს საელჩო აგრძელებს მუშაობას მიგრაციის საკითხებში საქართველო-საბერძნეთს შორის ორმხრივი ხელშეკრულების ტექსტზე.

გარდა ამისა, განვლილ პერიოდში საელჩოს მიერ გაიმართა არაერთი შეხვედრა და კონსულტაცია ბერძნულ მხარესთან, საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად ცხოვრებისთვის შესაბამისი ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებით.

მოსალოდნელი ცვლილებების და მომდევნო დღეს დაგეგმილი საპარლამენტო კენჭისყრის თაობაზე, 18 დეკემბერს, საელჩომ მორიგი კონსულტაცია გამართა საბერძნეთის მიგრაციის მინისტრის სპეციალურ მრჩეველთან, ნიკოლაოს კარაიტიდისთან

19 დეკემბერს საბერძნეთის პარლამენტმა კენჭი უყარა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საბერძნეთის შრომისა და სოციალური დაზღვევის სამინისტროს მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც საბერძნეთში მყოფი არალეგალი ემიგრანტებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემას და ქვეყანაში მათ ლეგალურად ცხოვრებას ითვალისწინებს.

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, თუ საბერძნეთის რესპუბლიკაში არალეგალურად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე დაადასტურებს საბერძნეთში ბოლო სამი წელი შეუწყვეტლად ცხოვრებას და ამასთანავე, მას ექნება შრომითი ხელშეკრულება, ეძლევა უფლება, განაცხადი შეიტანოს საბერძნეთში ბინადრობის ნებართვის (Άδεια Διαμονής) ასაღებად.

ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანიდან მოთხოვნილი დოკუმენტის აღებამდე, მოქალაქეს ეძლევა ცნობა, რომლითაც მას შეუძლია მუშაობა და სამშობლოში მგზავრობა. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კანონი ძალაში იქნება 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო საბუთების ჩამონათვალი განისაზღვრება მიგრაციის მინისტრის შესაბამისი, შიდა, ბრძანების საფუძველზე.

ზემოხსენებული საკითხის აქტუალურობიდან და პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, საელჩოს მიერ მოხდება დამატებითი ინფორმაციის განთავსება მისიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები