მწერალთა სახლში ფრანგი მწერალი და რეჟისორი ფილიპ კლოდელი ლიტერატურული წრეების წარმომადგენლებს შეხვდა
მწერალთა სახლში ფრანგი მწერალი და რეჟისორი, ლიტერატურის პროფესორი ფილიპ კლოდელი ლიტერატურული წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. ფილიპ კლოდელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.
ფილიპ კლოდელი მრავალი წიგნის ავტორი, რეჟისორი და დრამატურგია. მისი პირველი რომანი, „მეზი მას ივიწყებს“ 1999 წელს გამოქვეყნდა. პირველი დიდი ლიტერატურული წარმატება კი კლოდელს 2003 წელს გამოქვეყნებულმა ნოველების კრებულმა − „პატარა მექანიზმები“ მოუტანა, რომელსაც ნოველების გონკურის პრემია მიენიჭა. 2003 წელს მისი რომანი „ნაცრისფერი სულები“ რენოდოს და ჟურნალ ELLE-ს პრემიით დაჯილდოვდა. ორი წლის შემდეგ ამავე წიგნის მიხედვით, ფილმი გადაიღეს.
ფილიპ კლოდელმა 2008 წელს გადაიღო პირველი ფილმი − „დიდი ხანია, რაც მიყვარხარ“, კრისტენ სკოტ ტომასისა და ელზა ზილბერსტეინის მონაწილეობით. ფილმმა მაშინვე დაიმსახურა კრიტიკოსების დიდი მოწონება − სურათი დაჯილდოვდა „სეზარის“ ორი პრემიით, ბერლინის კინოფესტივალის ორი პრემიით და რიგი სხვა პრემიებით.
მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ ფრანგ ავტორს მწერალთა სახლისგან საჩუქრად ფრანგულ ენაზე თარგმნილი ქართველ ავტორთა წიგნები გადასცა.