აფხაზეთის ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა (ფოტოკოლაჟი)
აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპრატისტულად განწყობილ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის ომი დაიწყო.
ომი 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები, დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.
კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 10 ათასამდე ადამიანი დაიჭრა და დასახიჩრდა, 300 ათასზე მეტ ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ.
აფხაზეთში სიტუაცია ჯერ კიდევ 1980 წლების ბოლოდან დაიძაბა, როდესაც ანტისაბჭოურად განწყობილმა ოპოზიციამ სსრკ-დან საქართველოს გამოყოფა მოითხოვა.
1989 წლის მარტში აფხაზმა ნაციონალისტებმა ლიხნის დეკლარაციით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ცალკე საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. თუმცა, აფხაზეთის უნივერსიტეტის ეთნიკურად ქართულმა სტუდენტობამ ამ ფაქტს საპროტესტო დემონსტრაციით უპასუხა.
დემონსტრაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ აიკრძალა. მიუხედავად ამისა, სტუდენტთა საპროტესტო აქცია გაგრძელდა და, საბოლოოდ, აფხაზ ნაციონალისტთა ერთი ჯგუფის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.
ამ ფაქტით გამოწვეული აღშფოთება საერთო-სახალხო მღელვარებაში გადაიზარდა როგორც სოხუმში, ასევე – თბილისშიც. დაძაბულობამ პიკს 1989 წლის აპრილში მიაღწია და 9 აპრილის ტრაგედიით დასრულდა.
აფხაზეთში დაძაბულობამ საშიშ ზღვარს 1992 წელს მიაღწია, როდესაც აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა სამთავრობო სტრუქტურების შენობებს შეუტიეს.
1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელმძღვანელობამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა, შესაბამისად, ამ დღეს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეჩერდა, რაც, საბოლოოდ, შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დანაკარგები განიცადეს აფხაზებმაც. მათ 3 ათასზე მეტი თანამემამულე დაკარგეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განადგურდა 49.000-მდე შენობა, აქედან 43.000 კერძო საცხოვრებელი სახლი. 30 ერთეული კულტურისა და 25 ერთეული ადმინისტრაციული შენობა. მთლიანად განადგურდა რკინიგზა. განადგურდა 450 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა.
რუსეთმა საქართველოს რეგიონი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგად, დამოუკიდებელ სახეწლმწიფოდ გამოაცხადა. დღეს კი ოკუპირებული აფხაზეთი მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.