„ექიმობა ყველაზე ჰუმანური პროფესიაა“ – ახალგაზრდა ქართველი ონკოლოგი, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს რუსეთში

გორში დაიბადა და  მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში სწავლობდა, მაგრამ ჩელიაბინსკში ოჯახის საცხოვრებლად გადასვლის გამო სკოლის დასრულებამ რუსეთში მოუწია.

ოქროს მედალზე დაამთავრა და ჩელიაბინსკის სამედიცინო აკადემიაში განაგრძო სწავლა.

ჩელიაბინსკის წარმატებული ექიმი-ონკოლოგია. ჩელიაბინსკის საოლქო ონკოლოგიური დიპანსერის ექიმი-რადიოლოგი უამრავი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და გამარჯვებულია. წარმატებებიდან გამოყოფს მოსკოვში გამართულ რუსეთის რენტგენოლოგთა  და რადიოლოგთა კონგრესზე ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსს, რომელშიც პირველი  ადგილი  დაიკავა…

რამდენიმე დღის წინ იგი, ჩელიაბინსკელ ონკოლოგებთან ერთად, ასტანის გრანდიოზული გამოფენიდან დაბრუნდა…

სამომავლოდ, აპირებს სამეცნიერო მუშაობის გაგრძელებას რადიოლოგიის განხრით. მისი სადისერტაციო თემა რადიოლუკლიდურ  თერაპიას, კერძოდ,  ჩიყვის  კიბოს რადიოთერაპიას ეხება… – თამარ გელიაშვილის პერსონა.

 – ბავშვობა  სათუთად  გადანახული  ლამაზი  კუნძული  მგონია. იქ  მრავალი  ღიმილია,  სითბოა, სიხარულია,  ბედნიერი და  დაცული  ხარ, დაუნანებლად  ზრუნავენ  შენთვის  მშობლები,  ახლობლები.
ქართლის  ძალიან  ლამაზ  სოფელში,  მეჯვრისხევში,  ვიზრდებოდი. ნათლად მახსოვს  ახლად აშენებული  სახლი, რომელიც პირველი იყო სოფლის შემოსასვლელში. ჩვენ სიახლოვეს მხოლოდ ერთი  მეზობელი  გვყავდა. მამას  ხშირად ქვეყნის გარეთ  უხდებოდა  ყოფნა. დედასთან  ერთად მზრუნველობას  არ  გვაკლებდა ჩვენი  მოსიყვარულე, ქომაგი  თამარა  ბებია. ბავშვობის დღეების  გარეშე  წარმოუდგენლად  მიმაჩნია ჩემი  სულიერი  სამყარო.  სამწუხაროდ,  ეს  ის  წლებია, როცა საქართველოში  მეტად  მძიმე მდგომარეობა  იყო. მახსოვს უსინათლო  ზამთრებიც, პურიც კი ძნელად  იშოვებოდა. ერთი  დღე  მაინც  ყველაზე  მტკივნეულად  დამამახსოვრდა.
პირველ  კლასში  შესასვლელად  ვემზადებოდი. მამა მოსკოვში  იყო. ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ საღამოს დედამ  დაგვაძინა  მე და ჩემი ძმა. დილით  კი  სასწაული  მხვდება  სახლში,  ირგვლივ  არეულობაა, ტირის  დედა, ბებია,  ყველა  ახლობელი. ღამის 12 საათზე  4 შეიარაღებული მამაკაცი  შემოსულა. თუ რაიმე  ღირებული  იყო სახლში, წაუღიათ.  მე  ჩემს ახალ  ფეხსაცმელებს დავუწყე ძებნა, ისინიც  კი გაუყოლებიათ  ხელს. ატირებულს  დედა  მამშვიდებდა, ახალს  გიყიდიო.  ეს  დღე  ყველაზე  ცუდ მოგონებად  დამრჩა  ჩემი  ბავშვობიდან.  რა  თქმა  უნდა,  იყო  ლამაზი  დღეებიც,  ფერადოვანი, მშვიდი  სურნელით  სავსე.
– სკოლა ჩელიაბინსკში  დაამთავრეთ  ოქროს  მედალზე. რით  იყო  განსაკუთრებული  ეს  პერიოდი? რატომ  გადაწყვიტეთ  ექიმობა?
– ჩელიაბინსკში  მამა  სამუშაოდ გადავიდა. ჩვენც მალე წაგვიყვანა. მაშინ  მეექვსე  კლასში  ვიყავი. თავიდან  ძალიან  გამიჭირდა,  რადგან  რუსული  არ  ვიცოდი. ყველა  საგანი  ჩემთვის  უცხო  ენაზე  უნდა  მესწავლა. რამდენჯერ  ატირებულიც  კი  დავბრუნდი  სკოლიდან. დედას  ვუთხარი, რომ აღარ  წავიდოდი. ამ  პრობლემის  დაძლევაში  დამეხმარნენ  მასწავლებლები  და  თანაკლასელებიც, ძალიან  თბილად  და ყურადღებით  მექცეოდნენ.
ბუნებრივია,  რთული იყო წარმატების  მოპოვება.  დიდი  შრომა  დამჭირდა, მე-8 კლასიდან  უკვე  ფრიადოსანი  ვიყავი.
რატომ  გადავწყვიტე  ექიმობა?  ბავშვობიდანვე  ძალიან  მიყვარდა  დედაჩემის  დედა,  თამარა  ბებია, მისი  მოსახელე   ვარ. მე  რომ  დავიბადე,  ის  უკვე  მოხუცი იყო. ხშირად  ავადმყოფობდა.   ვპირდებოდი,  როცა  გავიზრდებოდი,  ექიმი  გავხდებოდი  და  გამოვაჯანმრთელებდი. ნატრობდა,  თათას მოწყობას  მომასწროს  უფალმაო.

მეუღლესთან, ზურა ჩიგოგიძესთნ ერთად

ალბათ,  განგების  ნებაც  იყო. ჩემი  ჩარიცხვის  შემდეგ  დაიღუპა.   ამის გარდა,  ექიმობა მიმაჩნია  ყველაზე  ჰუმანურ  პროფესიად. ბედნიერებაა,  როცა  ადამიანს ეხმარები  ტკივილის  დაძლევაში, მისთვის  ზრუნავ, მის  ჯანმრთელობას  დარაჯობ,  სიცოცხლეს  უხანგრძლივებ.
– გაიხსენეთ  ჩელიაბისკის სამედიცინო  აკადემიაში სწავლის  პერიოდი… რა  შეგძინათ  და  რით  იყო  საინტერესო?
– როგორც  ოქროს  მედალოსანი,  ერთი  ფრიადით  ვირიცხებოდი  უმაღლეს  სასწავლებელში. პირველი  გამოცდა  ბიოლოგია  მქონდა. წერით  ვაბარებდით. რამდენიმე  დღის  შემდეგ  იყო  გამოცდის  შედეგები. მე და  დედა  წავედით. ჯგუფების  მიხედვით  დაფაზე  გამოაკრეს  ნიშნები. ფრიადი  მივიღე, მახსოვს,  დედასკენ  ტირილით  გავეშურე, მას  ეგონა, რომ  ჩავიჭერი.  დამშვიდება  დამიწყო,  არა  უშავსო.
ასე  გავხდი  ჩელიაბინსკის სამედიცინო  აკადემიის  სტუდენტი. სწავლა  იყო აკადემიურ  დონეზე. ძალიან  დატვირთული  დღის  რეჟიმი  გვქონდა. ლექციები  დილის  8 საათზე  გვეწყებოდა,  რომელიც  გრძელდებოდა  4-5  საათამდე.  გამოცდებისთვის დღე და  ღამე  ვმეცადინეობდით. ძალიან  კარგი  პროფესორ-მასწავლებლები  გვყავდნენ.  მე-4  კურსიდან უკვე  ვმუშაობდი  რეანიმაციის  განყოფილების  ექთნად. როგორც  ქართველს,  არასოდეს  მიგრძვნია  შევიწროება ან  დაჩაგვრა, პირიქით,  ყველა  თბილად  მექცეოდა. სწავლის  პერიოდში  მქონდა  სტიპენდია.

2014 წელი, ტომსკი, ახალგაზრდა ონკოლოგთა შორის გამარჯვებული, დაიკავა მე-2 ადგილი

– ჩელიაბინსკის  წარმატებული ექიმი-ონკოლოგი  ბრძანდებით. რას  გამოყოფდით   სამედიცინო  პრაქტიკიდან?
– თავიდან  2 წელი  ვმუშაობდი  ქიმიოთერაპიაში. ეს  საკმაოდ  რთული სპეციალობაა  ონკოლოგიაში. მძიმე  პაციენტები  გხვდება,  მრავალი მათგანი ვერ  იკურნება, შედეგს  ვერ  იღებ.
მრავალჯერ  მინერვიულია  ავადმყოფის  გარდაცვალებისას. წარმოუდგენელია, არ  განიცადო,  როცა  ძალიან  ახალგაზრდებიც  იღუპებიან  ამ  სენით. რა თქმა  უნდა, დიდი გამოცდილება მივიღე, ერთი პერიოდი ქირურგიაშიც ვმუშაობდი. ექიმისთვის  თითოეული  დღე ახლის მომტანია.
–   ჩელიაბინსკის საოლქო ონკოლოგიური   დისპანსერის  ექიმი-რადიოლოგი ბრძანდებით. რატომ  რადიოლოგია?
– საქართველოში მხოლოდ 2 თვე  ვიმუშავე. იქიდან  დაბრუნების  შემდეგ,  მთავარმა   ექიმმა შემომთავაზა  რადიოლოგიაში  მუშაობა, ეს  არის  ერთ-ერთი  პერსპექტიული განყოფილება. მათთვის  აღმოვჩნდი  სასურველი  კადრი. ყველანაირად შემიწყეს ხელი, მიტარებდნენ სემინარებს  შესაბამისი კუთხით. ჩემი  სადისერტაციო  თემაც  ეხება რადიოლუკლიდურ  თერაპიას, კერძოდ  ჩიყვის  კიბოს რადიოთერაპიას.
– უამრავ კონფერენციაში   წარმატებით  მონაწილეობთ. 2014 წელს ტომსკში გამართულ  ახალგაზრდა  ონკოლოგებს  შორის კონკურსში მეორე  ადგილი  დაიკავეთ… მოსკოვში  რუსეთის  რენტგენოლოგთა  და  რადიოლოგთა კონგრესზე ახალგაზრდა  მეცნიერეთა კონკურსის გამარჯვებული  ბრძანდებით… ასევე  რადიოლოგიის ევროპული  სკოლა  ერევანში, ახალგაზრდა რადიოლოგების  კონკურსზე  გაიმარჯვეთ. თქვენ  რა საკითხების  კვლევა  წარადგინეთ  ამ კონკურსზე, თქვენთვის რომელი  ჯილდოა ყველაზე  ძვირფასი  და  რატომ?

თბილისი, რუსეთის მედიცინის მუშაკთა საერთაშორისო კონფერენცია

–  მე  წარვადგინე  ჩიყვის  კიბოს  ვიზუალიზაციის  PET/CT.  ზემოთ აღნიშნულ კონკურსებში  მონაწილეობა  ჩემთვის  მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მათ  შორის  მაინც გამოვყოფდი მოსკოვში რუსეთის რენტგენოლოგთა  და რადიოლოგთა კონგრესზე ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსს, რომელშიც პირველი  ადგილი  დავიკავე.
ჟიურში იყვნენ რუსეთის  წამყვანი რადიოლოგები  და რენდგენოლოგები. როგორც გამარჯვებული, დამაჯილდოვეს. ვმონაწილეობდი ერევანში, რადიოლოგიის ევროპულ სკოლაში. ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის  წამყვანი მეცნიერები, რადიოლოგიის სკოლის წარმომადგენლები. მუშაობა ინგლისურ  ენაზე მიმდინარეობდა. აქ  მონაწილეობამ   ბევრი რამ  მომცა.

–  რომელი  ონკოლოგიური დაავადებებია მომატებული და  რა  პერსპექტივა  აქვს რადიოლოგიას ონკოლოგიური  დაავადებების კვლევაში?
– განსაკუთრებით  მომატებულია  ძუძუს,  პროსტატის,  ჩიყვის  კიბო. ონკოლოგიური დაავადებების  კვლევაში  რადიოლოგიას დიდი  პერსპექტივები  აქვს. შემოდის   ახალი  აპარატურები, რომელთა  მნიშვნელობაც  დიდია  ავადმყოფთა განკურნებაში.
–   ერთხანს საქართველოში დაბრუნდით. რატომ  გადაწყვიტეთ  ისევ  ჩელიაბინსკში  მუშაობის  გაგრძელება?

მეუღლესთან და შვილთან ერთად

– პირველ ყოვლისა, ალბათ, იმიტომ,  რომ ჩემი    მშობლები და ძმა აქ  იყვნენ.  გამიჭირდა  სამედიცინო  სამყაროს  ახალ  რეალობასთან  შეგუებაც. იმასაც  აღვნიშნავ,  რომ  სამეცნიერო მუშაობისთვის  აქ  უკეთესი პირობებია.  ხელფასის  თვალსაზრისითაც, აქ   გაცილებით  მაღალი  ანაზღაურება  მაქვს.
 – გვიამბეთ   ოჯახზე,  მეუღლეზე… ერთი  ვაჟი  გყავთ…
– მეუღლე ქართველი მყავს, თბილისელია, ზურა ჩიგოგიძე, პროფესიით ინჟინერია. ქობულეთში გავიცანი, ასე რომ, ზღვამ გვაჩუქა ერთმანეთის თავი. არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ყოველთვის ხელს მიწყობს, დროის უმეტესი ნაწილი სამსახურში ვარ, არასოდეს მებუზღუნება ხშირი ფრენების გამო. ზურას ყოველთვის უხარია ჩემი წარმატებები. ის იდეალური მეუღლე და მამაა. ერთი ვაჟი გვყავს, 2 წლის ლუკა, რომელიც მეტი დროს უფრო მამიკოსთან ატარებს.
– რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდი ასტანაში, სადაც მონაწილეობა მიიღეთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში – ,,ექსპო 2017“…
– იგი ყოველწლიურად  იმართება, ამჯერად  ყაზახეთში ჩატარდა. მსოფლიოს  სხვადასხვა  ქვეყნის სამედიცინო სამყაროს  მიღწევების  გრანდიოზული გამოფენაა. ჩვენ  წარმოვადგენდით რუსეთს. დიდი მისია  დამეკისრა, მოხსენებით  წარვდექი მეტად  სერიოზული  პუბლიკის  წინაშე.  ჩელიაბინსკელი ონკოლოგების სტენდმა „კიბერდანა და 4D ტექნოლოგიამ“ ფურორი მოახდინა  „ექსპო 2017“-ზე…

შვილთან, ლუკასთან ერთად

სამხრეთ ურალის წამყვანმა ონკოლოგებმა „ექსპო 2017“-ის გამოფენაზე  ბირთვული მედიცინის მიღწევები წარმოადგინეს. როგორც მთავარმა ექიმმა, აკადემიკოსმა ანდრეი ვაჟენინმა აღნიშნა, ასტანის ექსპოზიციაზე ჩელიაბინსკის სამხარეო ცენტრის ონკოლოგიისა და ბირთვული მედიცინის მიღწევებისადმი ინტერესი დიდი იყო და ყველა პროგნოზს გადააჭარბა.
– ორი თვის წინ რუსეთის სამედიცინო საზოგადოებამ თბილისში ჩაატარა ერთკვირიანი დიდი სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც თქვენც მონაწილეობდით…
– დაახლოებით 25 წლის წინ ასეთი შინაარსის კონფერენციის ჩატარების მეტად მნიშვნელოვანი ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ამ ღონისძიების მისია მხოლოდ სამეცნიერო მიღწევების გაზიარება არ არის. აქ იკრიბება მთელი რუსეთის წარმომადგენლობა. ისინი ეცნობიან ერთმანეთს, იბადება მეგობრული ურთიერთობები. კონფერენციები ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში. მონაწილეები პარალელურად ათვალიერებენ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს. წელს საქართველო აირჩიეს. მედიცინის 60 მუშაკი ჩამოვედით. საქართველო ძალიან მოეწონათ.
– ჰობი?

ანდრეი ვაჟენინთან ერთად – ბოდბეში

– თუ  დრო  მრჩება,  მიყვარს  კითხვა, კარგი  სატელევიზიო  გადაცემების  ყურება. საქართველოში   ჩამოსვლისას ყოველთვის მივდივარ  ზღვაზე, ძალიან მიყვარს  ცურვა. ხშირად  ვეღარ  ვგრძნობ,  რა  მანძილით  ვშორდები   ნაპირს. ამიტომ ვანერვიულებ  ხოლმე  ახლობლებს.

–  რას  აპირებთ სამომავლოდ?
– სამომავლო  გეგმა, პირველ  ყოვლისა, სადისერტაციო  ნაშრომის დასრულება  და  დაცვაა. ჩემი  ხელმძღვანელია არაჩვეულებრივი  პიროვნება, საქმის დიდი პროფესიონალი, რუსეთის  მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი ანდრეი  ვაჟენინი,  მასთან შეხვედრა, ალბათ,  ბედის  გამორჩეულობაა ჩემთვის. საქართველოში  მუშაობას  ჯერჯერობით არ  ვაპირებ,  ხოლო  გამოცდილების  გასაზიარებლად ყოველთვის  მზად  ვარ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსთან – ანდრეი ვაჟენინთან ერთად

ჩელიაბინსკში, ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე გამოსვლისას

თამარ გელიაშვილი, რადიოლოგთა ევროპული სკოლა ერევანში

ასტანა, „ექსპო-2017“

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები