მსოფლიოს რეიტინგის წონის top 3-ში ოთხი ქართველია
მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ 2021 წლის სეზონის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს რეიტინგი განაახლა. წონის top 3-ში ოთხი ქართველია.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა 2021 წელი წონის ლიდერად დაასრულა.
„პეტრიაშვილმა წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიურ თამაშებზე – ვერცხლი. უმძიმეს წონაში მეორე პოზიციას მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – ირანელი ამირ ჰუსეინ ზარე იკავებს, მესამეს – თურქი ტაჰა აკგული.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძე 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზეა. ამბროლაურელი ფალავანი, რომელმაც წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მხოლოდ ამერიკელ ჯორდან ბაროუზს ჩამორჩება.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი და უფროსებში მსოფლიოს ვერცხლის და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლერი აბულაძე, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ნომერია.
130 კილოგრამში, ასევე, მეორე პოზიციას იკავებს იაკობ ქაჯაია, რომელმაც 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. წყალტუბოელმა მძიმეწონოსანმა ევროპის ჩემპიონატიც ვერცხლით ჩაამთავრა. მსოფლიოზე კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა“, – ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.