27 ნოემბერს თბილისში „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიმართება
ახალი ღვინის ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წელს 27 ნოემბერს გაიმართება. ფესტივალი უსაფრთხოების რეკომენდაციების ყველა წესის დაცვით, მთაწმინდის პარკში ჩატარდება, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა.
ახალი ღვინის ფესტივალი 2021 ღვინის დღესასწაულის მონაწილეებს, სტუმრებს ბოლო მოსავლის (2020 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობას და ახალი გემოების აღმოჩენის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ. ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა და ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.
2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და თავიანთ ბოლო მოსავლის ღვინოებს გვასინჯებენ. 2019 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები – სულ 200-ზე მეტი მონაწილე. 2020 წლის სამდღიან „ონლაინ ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობა მიიღო 50-მდე ღვინის კომპანიამ. ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად
ახალი ღვინის ფესტივალი 2021 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.