ტურიზმის ფაკულტეტის 62 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში მიემგზავრება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 62 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში მიემგზავრება. საერთაშორისო პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამული დაფინანსების საფუძველზე ხორციელდება.

„სტუდენტები 3 თვის განმავლობაში პრაქტიკას გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებში გაივლიან და გაეცნობიან სასტუმროს ყველა ძირითადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებას. პრაქტიკის განმავლობაში, გერმანული მხარე სრულად უზრუნველყოფს სტუდენტების ღამისთევას, კვებას და სტიპენდიას (400 ევროს ოდენობით). ახალგაზრდები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, ჩაერთვებიან სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც მათ მომავალში, საერთაშორისო ტურისტული მომსახურების ბაზარზე წარმატებით დასაქმების საშუალებას მისცემს.“ – ნათქვამია ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.

სტუდენტების შერჩევა კონკურსის წესით განხორციელდა, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას და ინგლისური/გერმანული ენის ცოდნას. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს მათი რაოდენობა გაორმაგდება.

2013-2019 წლების განმავლობაში საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში ბსუ-ს 600-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები